From Wikipedia, the free encyclopedia
პაროდონტიტი — კბილის დაავადებაა, რომლის დროსაც ღრძილის ანთება პაროდონტის (კბილის ირგვლივი არე) სხვა ქსოვილებზეც ღრმად ვრცელდება. პათოლოგიური პროცესი თანდათან არღვევს კბილბუდეს, ალვეოლური მორჩის ძვლოვან ქსოვილს და პერიოდონტს. დღეს ყოველ მესამე ადამიანს ამა თუ იმ ხარისხის პაროდონტიტი აღენიშნება.
პაროდონტიტს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მის მიზეზთა შორის აღსანიშნავია კბილების ფორმის დარღვევა, არასწორი თანკბილვა, პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა, კვების არასწორი რაციონი, განსაკუთრებით - ცილებისა და ვიტამინების დეფიციტი. პაროდონტიტი ასევე შესაძლოა განვითარდეს გინგივიტის შემდეგ. მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს საკვების სტრუქტურა: როდესაც ადამიანი მხოლოდ რბილ საკვებს იღებს, ირღვევა საღეჭი აპარატის ნორმალური დატვირთვა და კბილების ბუნებრივი წმენდა. აღსანიშნავია მავნე ჩვევების როლიც, ისეთებისა, როგორიც არის ყბის მხოლოდ ცალ მხარეს ღეჭვა, ანუ ყბის ზოგიერთი უბნის ფუნქციური გადატვირთვა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქრონიკულ დაავადებებს, ეკოლოგიას, პროფესიულ მავნე ფაქტორებს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას.
ძირითადი ნიშნებია კბილების მორყევა, ღრძილებიდან სისხლდენა და პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი, კბილების მდებარეობის ცვლილება, მათ შორის ცარიელი ადგილების გაჩენა, კბილების დაჩირქება. ჩამოთვლილ ნიშნებთან ერთად კბილის ტკივილი და აბსცესი პროცესის პროგრესირებაზე მეტყველებს. ჯანმრთელი ღრძილი ბაცი ვარდისფერია და კბილების ხეხვისას სისხლი არ სდის (ცხადია, თუ კარგი ჯაგრისით სწორად ვიხეხავთ კბილებს), ანთებისას კი მუქი წითელი ფერისა ხდება და ჯაგრისის მცირე შეხებაც კი საკმარისია, სისხლი რომ წამოვიდეს. განვითარების სტადიის მიხედვით, დაავადება სხვადასხვანაირად ვლინდება. პირველი ნიშანი სისხლდენაა. ამ სტადიაში პროცესი არც ისე რთულია და შექცევადია, რადგან ანთება ღრმად არ არის გავრცელებული, ღეჭვითი წნევა ჩვეულებრივ ნაწილდება კბილთა რიგზე და არც პაროდონტის ქსოვილებია გადატვირთული. ამ სტადიაში პაციენტი უჩივის ტკივილის შეგრძნებას რამდენიმე კბილის არეში, ღრძილები შეშუპებული და შეწითლებული აქვს. მკურნალობის გარეშე პროცესი ღრმავდება. წარმოიქმნება პაროდონტული ჯიბე, რომელშიც გროვდება ნადები, წარმოიქმნება ქვები, რომლებიც პათოლოგიური პროცესის პროგრესირებას უწყობს ხელს. ირღვევა პაროდონტული ქსოვილები, ხდება ყბის ძვლის განლევა, რაც იწვევს კბილების მდებარეობის ცვლილებას და მათ შორის სიცარიელეების გაჩენას, კბილის მორყევას, რადგან ისინი ყბაში ძვლოვან საყრდენს კარგავენ. უკანასკნელ სტადიაში კბილის საყრდენი აპარატის სისუსტის გამო ადამიანს სავსებით ჯანსაღი კბილები სცვივა.
პაროდონტიტის მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს როგორც ზოგად, ისე ადგილობრივ ღონისძიებებს. მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად, დაავადების სტადიიდან გამომდინარე, გართულების ხასიათისა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით შეირჩევა. პაროდონტიტის ადგილობრივი მკურნალობა ითვალისწინებს სიმპტომური გინგივიტის მკურნალობას, პაროდონტული ჯიბეების გაჩენის აღკვეთას, ალვეოლური მორჩის ანთების ლიკვიდაციას. პაროდონტის ქსოვილებში სისხლის ნორმალური მიკროცირკულაციის აღსადგენად ტარდება ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, რაშიც მთავარი როლი მედიკამენტურ თერაპიას მიეკუთვნება. ვიყენებთ ტკივილგამაყუჩებელ, ანტისეპტიკურ, ანტიბაქტერიულ და რეგენერაციის მასტიმულირებელ პრეპარატებს, როგორც მისაღებად, ისე პირის ღრუს აბაზანებისა და აპლიკაციების სახით. ადგილობრივი მკურნალობისას ტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურებიც, ინიშნება ვიტამინები, უმთავრესად - C და B ჯგუფისა, ბიოგენური სტიმულატორები. რადიკალური მკურნალობა ქირურგიული მეთოდია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პათოლოგიური კბილღრძილოვანი ჯიბის მოცილება და უიმედო კბილების ექსტრაქცია ალვეოლური მორჩის ძვლის შესანარჩუნებლად, რომელიც შემდგომ შესაძლო დენტალური იმპლანტაციისთვის არის საჭირო. პაროდონტიტის მკურნალობის პარალელურად საჭიროა დაკარგული კბილების აღდგენაც, მაგრამ ტრადიციული მეტალოკერამიკული პროთეზების გამოყენება მათი სიმძიმის გამო ამ დროს დაუშვებელია. გარდა ამისა, მათი ჩასმა კბილების წინასწარ მომზადებას ითვალისწინებს, რაც ისედაც მორყეული და დაზიანებული კბილისთვის დამატებითი ტრავმაა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.