ოსმალეთის იმპერიის განვითარება
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსმალეთის იმპერიის განვითარება (თურქ. Osmanlı İmparatorluğu Yükselme Dönemi; 29 მაისი, 1453 — 11/12 სექტემბერი, 1683) — პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში წარმოშობის შემდეგ, მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღებიდან 1683 წლამდე, სტაგნაციის პერიოდამდე. ამ პერიოდში ოსმალეთის იმპერიამ მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს.
ოსმალეთის იმპერიამ განვითარების უმაღლეს მწვერვალს სულეიმან I-ის (1520-1566 წწ.) პერიოდში მიაღწია, როცა მან ოთხივე მხარეს მნიშვნელოვნად გააფართოვა ოსმალეთის საზღვრები, დაამარცხა ირანი და რამდენიმეჯერ დაამარცხა ევროპის გაერთიანებული ძალები, რომლებიც ოსმალების განდევნას ცდილობდნენ. ასევე, სულეიმანმა გაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლებმაც ოსმალეთის განვითარება უფრო დააჩქარა.
სულეიმანის შემდეგ რამდენიმე სულთნის დროს იმპერიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა შემდეგში დაიწყო შინააშლილობები და მრავალი აჯანყება, მოიშალა შიდა მმართველობა და ა.შ. მიუხედავად ამისა, ეს ნაკლებად ეხებოდა ოსმალეთის ტერიტორიებს რუკაზე. მხოლოდ აბას I-მა დაიკავა რამდენიმეჯერ ოსმალეთის ტერიტორიები, მაგრამ, ძირითადად, ოსმალები მალევე ახერხებდნენ მის დაბრუნებას.
თუმცა, ევროპასა და ირანთან ერთად ოსმალეთის საუბედუროდ მოძლიერდა რუსეთი. ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთის სამეფოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა და ორივეს სურდა კავკასიაზე გაბატონება, ამიტომ მათი გზები ხშირად იკვეთებოდა და უწევდათ ერთმანეთთან ბრძოლა, რომელში გამარჯვებული ძირითადად რუსეთი რჩებოდა ან ოსმალეთი იძულებული ხდებოდა დაედო მისთვის საზიანო ზავი. სწორედ რუსეთმა ითამაშა ერთ-ერთი უმნიშვნლოვნესი როლი ოსმალეთის სტაგნაციის დაწყებასა და საბოლოოდ მის დაშლაშიც.