From Wikipedia, the free encyclopedia
გერენიელი ნესტორი ( ძვ. ბერძნ. Νέστωρ Γερήνιος Nestōr Gerēnios) - პილოსის ლეგენდარული მეფე, ჰომეროსის ოდისეას პერსონაჟი. [2] 1939 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით აღმოაჩინეს მისი სასახლე.
ნესტორ იყო პილოსის მეფე ნელევსის [3] და ამფიონის მეფის ასულის ქლორისის [4] [5] ვაჟი. ნესტორის დედას პოლიმედეს სახელითაც მოიხსენიებდნენ. [6]
მისი მეუღლე იყო ევრიდიკესი, რომლისგანაც 9 შვილი შეეძინა.
ნესტორი ერთ-ერთი არგონავტი იყო. მან დაამარცხა კენტავრი, მონაწილეობა მიიღო კალიდონის ნადირობაში. მას შემდეგ რაც ჰერაკლემ მოკლა ნელევსი და ნესტორის ყველა დედმამიშვილი, ის გახდა პილოსის მეფე. მას უწინასწარმეტყველეს, რომ იცოცხლებდა სამი თაობის განმავლობაში მზის ღმერთის - აპოლონის შემწეობით. [7]
ის და მისი შვილები, ანტილოქუსი და თრასიმედესი, ტროას ომში აქაველების მხარდამხარ იბრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნესტორი საკმაოდ მხცოვანი იყო ომის დაწყებისას, ის მაინც გამოირჩეოდა სიმამაცითა და სიტყვით გამოსვლის უნარით. „ილიადას“ მიხედვით ის ხშირად აძლევს რჩევებს ახალგაზრდა მეომრებს და აგამემნონს სთავაზობს, რომ აქილევსს შეურიგდეს. ის ზედმეტად მოხუცია იმისათვის, რომ ბრძოლაში ჩაებას, მაგრამ მაინც მიუძღვის პილოსის ჯარს ეტლით, სწორედ ამ დროს მის ერთ-ერთ ცხენს ისრით კლავს პარისი. ის აღჭურვილია ოქროს ფარით. ჰომეროსი მისი მისამართით ხშირად იყენებს ეპითეტს - „გერენიელი მხედარი“.
„ოდისეაში“ აღწერილია, რომ ნესტორი და მისი არმია უსაფრთხოდ დაბრუნდა პილოსში. მათ გადაუწყვიტავთ, რომ ტროა დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ, მას შემდეგ, რაც ბერძნებმა ქალაქის ძარცვა დაიწყეს და ამით ათენა განარისხეს. [8] ოდისევსის შვილი ტელემაქე მიემგზავრება პილოსში, რათა გამოიკვლიოს, თუ რა ბედი ეწია მამამისს. ნესტორი გულთბილად მიიღებს მეგობრის ვაჟს,[9] გულუხვად უმასპინძლებს, თუმცა ვერაფერს ეტყვის მამის ბედთან დაკავშირებით. „ოდისეაში“ ასევე ვხვდებით ნესტორის ცოლს, ევრიდიკას და მათ შვილებს: ექეფრონი, სტრატიოსი, არეტოსი, თრასიმედე და პიზისტრატე. ნესტორს ასევე ორი ქალიშვილი ჰყავს: პიზიდისე და პოლიკასტე.
„ილიადაში“ ნესტორის დარიგება, მისი ასაკისა და გამოცდილების გამო, ყოველთვის დაფასებულია მსმენელთა მიერ, ამასთანავე მისი რჩევა შეზავებულია იუმორითა და ქვეტექსტურად ტრაბახითაც კი, რადგან ის არასოდეს გასცემს დარიგებას საკუთარი საგმირო თავგადასავალის გახსენების გარეშე.
„ოდისეაში“ მოთხრობილია, რომ ტელემაქე, რომელიც ელენესა და მენელაოსთან სტუმრობის შემდეგ ბრუნდება, დაჟინებით სთხოვს პიზისტრატტეს, რომ ხომალდი მოამზადოს დაუყოვნებლივ სახლში დასაბრუნებლად, რათა თავი დააღწიოს ნესტორის გადამეტებულ სტუმართმოყვარეობას. პიზისტრატე თანხმდება, თუმცა დამწუხრებული აღნიშნავს, რომ მამამისი უსათუოდ გაბრაზდება, როცა ტელემაქეს გამგზავრების შესახებ გაიგებს.
ნესტორის დარიგება „ილიადაში“ ხშირად ავისმომასწავებელი ჟღერადობის მატარებელია. მაგალითად, როდესაც პარტოკლე ეწვევა ნესტორს რჩევის მისაღებად პოემის მე-11 თავში, ნესტორი დაარწმუნებს მას, რომ მებრძოლებს თავი აქილევსად უნდა მოაჩვენოს. მკვლევარი კარლ რაინჰარდტი მიიჩნევს, რომ ეს სულაც არ უნდოდა პარტოკლეს. რეალურად მას სურს ინფორმაცია მოიპოვოს დაჭრილ მაქაონზე.[10]
ჰომეროსი ნესტორის, როგორც მრჩეველის, წინააღმდეგობრივ პორტრეტს გვთავაზობს. ერთი მხრივ, ის ბრძენ, სწავლულ ადამიანადაა დახასიათებული. ნესტორი არაერთხელ აძლევს რჩევას აქაველებს ჯარის ტომების მიხედვით დაკომპლექტებასა და ორთვალა ეტლების გამოყენებაზე, რაც ანაქრონიზმად შეიძლება მივიჩნიოთ ჰომეროსის ეპოქისათვის. [11] თუმცა, ამავდროულად, ნესტორის რჩევები უსარგებლობაა. მაგალითად, ის დაჟინებით მოსთხოვს აქაველებს, რომ ბრძოლა წამოიწყონ, ასწავლის მათ შუბის გამოყენების ტექნიკას, რაც რეალურად შესაძლოა დამღუპველი გამოდგეს. ასევე, მე-11 თავში პატროკლესათვის მიცემული რჩევა საბოლოო ჯამში გმირის სიკვდილს გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, მასში ეჭვი არავის ეპარება და ხშირად იმსახურებს ქებას.
ჰანა როსმენი თვლის, რომ „ილიადას“ პერსონაჟები იმიტომ არ აქცევენ ყურადღებას განსხვავებას ნესტორის რჩევასა და მიღებულ შედეგს შორის, რომ საბოლოო ჯამში, შედეგები ღმერთების ხელშია. გმირები არ აგებებენ პასუხს საქმის გამრუდებაზე. შესაბამისად, ნესტორი შეგვიძლია კარგ მრჩეველად მივიჩნიოთ ყველა იმ თვისების გათვალისწინებით, რომლებიც პირველ თავშია ჩამოთვლილი.
ნესტორი ნახსენებია უილიამ შექსპირის პიესაში „ვენეციელი ვაჭარი“ (სცენა I, მოქმედება I), როგორც ადამიანი, რომელიც მხოლოდ სერიოზულ ხუმრობაზე იცინის.
ნესტორი ასევე მონაწილეობს შექსპირის პიესაში „ტროილე და კრესიდა“, რომელშიც მოქმედება ტროას ომის პერიოდში მიმდინარეობს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.