ნეპალის სამეფო ოჯახის მკვლელობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეპალის სამეფო ოჯახის მკვლელობა —2001 წლის 1 ივნისს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, ნარაიანხიტის სამეფო სასახლეში, ნეპალის მონარქის რეზიდენციაში მომხდარი მასობრივი მკვლელობა, როდესაც ტახტის მემკვიდრემ, უფლისწულმა დიპენდრამ დახოცა თითქმის მთელი სამეფო ოჯახი და შემდეგ თავი მოიკლა.
ოფიციალური ვერსიით დანაშაული ჩაიდინა უფლისწულმა დიპენდრამ, რომელმაც შაშხანა М-16 ით და 9 მილიმეტრიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP5K-ით მოკლა 9 და მძიმედ დაჭრა 5 ოჯახის წევრი. დაღუპულთა შორის იყვნენ დიპენდრას მშობლები,მეფე ბირენდრა და დედოფალი აიშვარია.
ამის შემდეგ პრინცი სასახლიდან გარეთ გავიდა და პარკში თავში ერთი გასროლით თავის მოკვლა სცადა. [1][2]
.მკვლელობის ოფიციალური მოტივი გახდა ოჯახური კამათი დიპენდრას საცოლის გარშემო. ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც უფლისწული ძლიერი ალკოჰოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ მემკვიდრე უფლისწული ხშირად ეხვეოდა უსიამოვნო ინციდენტებში ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარების გამო. მაგალითად, 1999 წელს დიპენდრა პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერა, მთვრალი უფლისწული იქით დაემუქრა სამართალდამცავებს იარაღით და მეტიც, ისინი ქალაქგარეთ გაიყვანა და იქ დატოვა.
მამის მკვლელობის შემდეგ, დიპენდრა ნეპალის დე იურე მეფე იყო სამი დღის განმავლობაში (გარდაცვალებამდე). მას შემდეგ, რაც იგი გარდაიცვალა 2001 წლის 4 ივნისს, ნეპალის მეფე გახდა გიანენდრა, გარდაცვლილი მეფის ბირენდრას ძმა, რომელიც მკვლელობის დროს სასახლეში არ იმყოფებოდა.[3]
საიმედო ინფორმაციის არარსებობამ და ეჭვმა, რომ მკვლელობა ხალხში ნაკლებად პოპულარული გიანენდრას ინიცირებული იყო უფროს ძმასთან დაპირისპირების გამო, კატმანდუში არეულობები გამოიწვია. არეულობა რამდენიმე დღე გაგრძელდა. ნეპალში შექმნილმა ვითარებამ შეშფოთება გამოიწვია მეზობელ ინდოეთშიც.
ტრაგედიის გარემოებების გარკვევის მიზნით, მეფემ შექმნა სპეციალური კომიტეტი, რომელმაც გამოძიების დროს ოჯახის წევრების მკვლელობაში დაადანაშაულა უფლისწული დიპენდრა.ამის მიუხედავად, ნეპალის ბევრ მაცხოვრებელს არ სჯეროდა მოვლენების ოფიციალური ვერსიისა და არ ეთანხმებოდა კომიტეტის განაჩენს, რის შედეგადაც ამ ტრაგიკული მოვლენების კვალდაკვალ ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებით, სხვადასხვა შეთქმულების თეორია გაჩნდა.. 2001 წლის 1 ივნისის მოვლენებმა შეარყია ნეპალის მონარქიის ავტორიტეტი და, საბოლოოდ, გამოიწვია ქვეყნის გადასვლა მმართველობის რესპუბლიკურ ფორმაზე 2008 წელს. [4][5][6]