![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6f/SAWSROUQA.jpg/640px-SAWSROUQA.jpg&w=640&q=50)
ნართული ეპოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნართული ეპოსი (აფხ. Нарҭаа ражәабжьқәа; ადიღ. Нарт пщыналъэхэр; ყარაჩ.-ბალყ. Нарт таурухла; ოს. Нарты кадджытæ) — კავკასიის ხალხთა ეპოსი. ტერმინი „ნართი“ ეპოსის გმირების საერთო სახელწოდებაა, რომლებიც თავისებურ დასს ქმნიან.[1] ნართული ეპოსი მითოლოგიური მოტივებით მდიდარი საგმირო-სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებია. იგი კომპოზიციურად შეკრულ და მყარი სტრუქტურის მქონე მრავალსიუჟეტიან თხრობით ჟანრს წარმოადგენს, რომელიც პოეტური და პროზაული ტექსტებით გადმოგვცემს პერსონაჟთა საგმირო თავგადასავალს.[2]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6f/SAWSROUQA.jpg/640px-SAWSROUQA.jpg)
ეპოსის ძირითად სიუჟეტურ ხაზს შეადგენს: გმირების დაბადება და წრთობა, ზეციურ არსებებთან ურთიერთობა და საზოგადოებაში ცივილიზაციის საწყისების შემოტანა, ბოროტ ძალებთან ბრძოლა და საცოლის მოტაცება, ღმერთთან დაპირისპირება და ბოლოს, გმირების დაღუპვა.
ნართულ ეპოსში აისახა კავკასიაში მცხოვრები ხალხის ძირითადი მსოფლხედველობა: შეხედულებები გარესამყაროსა და ცხოვრებაზე, ადამიანის დანიშნულებასა და ცხოვრების საზრისზე, ღმერთთან ურთიერთობასა და გმირობის იდეალზე. ეპოსში ასახულია კავკასიის მთის ხალხთა ყოფა, ზნე-ჩვეულებები, ისტორიული, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალები.
ნართების ეპოსი თითქმის მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში იყო გავრცელებული. ხალხურ ტექსტებს ნართებზე იცნობდნენ აფხაზები, ყაბარდოელები, ჩერქეზები, აბაზები, ადიღეელები, ყარაჩაელები, ბალყარელები, ჩეჩნები და ინგუშები. ნართები ნახსენები არიან საქართველოს მთიანეთის (სვანეთი, რაჭა, ხევსურეთი) ზეპირ ტექსტებში. ნართების ეპოსის ცალკეული სიუჟეტები და გაზღაპრებული ვერსიები გვხვდება ზოგიერთი დაღესტნელი ხალხის (ლაკები, ხუნძები, თურქულენოვანი ყუმუხები) ფოლკლორში. ნართული ეპოსის აფხაზური ვერსიის გაზღაპრებული ტექსტები დასტურდება სამეგრელოშიც. ეპოსის ფრაგმენტები ცნობილი იყო XIX საუკუნეში კავკასიიდან თურქეთში ერთიანად გადასახლებული მუჰაჯირი უბიხებისათვის. აღსანიშნავია, რომ ნართების ეპოსის ნაციონალური ვერსიები მეტნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ისინი ზოგადად მაინც ერთი ტიპისაა.[3]
ნართების ეპოსი წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს ტრადიციული საზოგადოების ყოველდღიური ყოფის, მართვა-გამგეობის სოციალური სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ.[4]
ნართების ეპოსს ახასიათებენ გმირების უსაზღვრო სამყაროდ, რომელშიც ერთიანდებიან უმაღლესი ეთიკური და მორალური წესების დამცველი პიროვნებები, რომელთათვისაც უმთავრესია ადათი, წეს-ჩვეულება,ზნეობა და ქცევის ნორმა.
ქცევის ნორმა, რომელსაც ყველაზე მეტად იცავენ და აქცევვენ ყურადღებას ოსურ ენაზე თავს იყრის სიტყვაში ёгъдау (აღდავ!). ამ ძირიდან ნაწარმოები სახელი კი ёгъдауджын (აღდავჯინ) ეპითეტია საუკეთესო, გამორჩეული და უმაღლესი ადამიანური (ზოგჯერ ზეადამიანური) თვისებებითა და ღირსებებით შემკული ადამიანისა. ნახასი — უწმინდესი ადგილი და ნართების სამსჯავრო — გადაწყვეტილებებს ნართების საზოგადოებაში საუკუნეობით ჩამოყალიბებული უმაღლესი ზნეობრივი ნორმების — აღდავის დაცვით იღებს.[5]
მსგავსებას ვხვდებით სხვა ხალხებში: ჩერქეზულ სამყაროში მორალურ-ადათობრივი სამართალი და ეთიკური კოდექსი ეფუძნება — ადიღე ხაბზესა (адыгэ хабз) და იორკ ხაბზეს. ხოლო სახალხო კრებას ეწოდება ადიღე ხასე. ვაინახური ადათობრივი სამართლის კოდექსის სახელწოდებაა — ნოხჭალა.
ნართი პერსონაჟების თავგადასავლში გვხვდება როგორც ტიპური ეპოზოდები — გმირის სასწაულებრივი შობა, წრთობა, სოციუმთან ზიარება, საგმირო საქმეები, საცოლის მოტაცება, აღზევება და სიკვდილი, ასევე ისეთი მოტივებიც, რომლებიც მხოლოდ ნართი გმირებისთვის არის დამახასიათებელი. თითოეული ეპიზოდი: გარდამტეხი მომენტი და განსაცდელი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გმირის მომავალ ცხოვრებაზე.[6]
ნართების ეპოსი სიმღერისა და თხრობის სახით დასტურდება. ტექსტების ნაწილი მხოლოდ სიმღერით სრულდებოდა, რომელსაც ხალხი „ნართების სიმღერებს“ უწოდებს. ოსური ნართული ეპოსის იმ ტექსტებს, რომელსაც სიმღერით ასრულებდნენ „ნართული ქადაგები“ ჰქვია. თქმულებების დიდ ნაწილს პროზაულად, თხრობით გადმოსცემდნენ და ხალხი მათ „ნართების ამბებს“ უწოდებს. მოიძებნება ისეთი ტექსტებიც, რომლებშიც ნართების ამბავი შერეულად თხრობითა და სიმღერით გადმოიცემოდა.
ნართულ ეპოსში ჩართულია სხვადასხვა სახის ლექს-სიმღერებიც. ვხვდებით სააკვნო, შრომის სიმღერებს, შაირებსა და შელოცვებს. სავარაუდოდ, ეპოსს ოდითგანვე ასრულებდნენ როგორც სიმღერით, ასევე პროზაულად და აღნიშნული გარემოება ეპოსის თავდაპირველ სინკრეტულ სახეზე მიუთითებს.