From Wikipedia, the free encyclopedia
მუშეგ I მამიკონიანი (სომხ. Մուշեղ Ա Մամիկոնյան) — სომეხი წარჩინებული მამიკონიანთა დინასტიიდან. სომხეთის სამეფოს სპასპეტი არშაკიანთა მეფეების: პაპის (370-374) და ვარაზდატის (374-378) დროს. სახელი გაითქვა ბაგავანის ბრძოლაში მონაწილეობით.
მუშეგ I მამიკონიანი | |
---|---|
წოდებები
სპასპეტი | |
გარდაიცვალა | 377/8 |
საგვარეულო | მამიკონიანები |
მამა | ვაშაქ I მამიკონიანი |
რელიგია | ქრისტიანობა |
მუშეგ მამიკონიანის დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია. იგი გამოჩენილი სომეხი ნახარარისა და სამხედრო მოღვაწის, ვაშაქ I მამიკონიანის უფროსი ძე იყო, რომელიც ტაიქის პროვინციას მართავდა.
სომხეთზე სასანიანთა გავლენის შესამცირებლად, მეფე არტაშეს II-ის ქვრივმა, დედა-დედოფალმა ფარანძემმა, მუშეგის მეთაურობით რომის იმპერიაში გააგზავნა დელეგაცია, რათა დაეცვათ მისი ძის, მეფე პაპის მმართველობა. მცდელობის მიუხედავად, 369/70 წელს სასანიანებმა სასტიკად მოკლეს დედა-დედოფალი ფარანძემი და დედაქალაქი არტაქსატა მიწასთან გაასწორეს. პაპი რომის იმპერიაში გაიქცა და მხოლოდ 371 წელს მოახერხა იმპერატორ ვალენტის დახმარებით, რომ უკან დაბრუნებულიყო. იმავე წელს სომხურ-რომაულმა არმიამ მუშეგ მამიკონიანის მეთაურობით სასტიკად დაამარცხა სასანიანები ბაგავანის ბრძოლაში. ბრძოლის მონაწილე მუშეგმა სასტიკად დაჭრა სასანიანთა შაჰანშაჰის ვასალი, ალბანეთის მეფე ურნაირი, თუმცა არ მოკლა იგი და წასვლის საშუალება მისცა. V საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი ფაუსტუსი ბაგავანის ბრძოლაში გამარჯვებას მუშეგს უკავშირებს.
ალბანეთში დაბრუნებულმა ურნაირმა მადლობა შეუთვალა მუშეგს, ამის შემდეგ კი შაჰანშაჰ შაპურ II-ს მასზე მოულოდნელი თავდასხმის შესახებ ამცნო. შაპურის ძალების შესაჩერებლად მუშეგმა მთელი სომხური არმია გამოიყვანა, რომელიც 90,000 კაცს შეადგენდა[1]. მუშეგს ასევე აძლიერებდა რომაული დამხმარე ძალებიც. ირანის არმია, რომელსაც შაპური თავად ხელმძღვანელობდა, ამ ბრძოლაში ბოლომდე განადგურდა. ამის შემდეგ მუშეგმა და რომაელთა მხედართმთავარმა ტერენტიუსმა მთელი სომხეთის საზღვარზე 30,000 კაცი განალაგეს[2].
ამ ბრძოლას შედეგად მოჰყვა ის, რომ რომსა და ირანს შორის მშვიდობა დამყარდა, სომხეთი კი კიდევ ერთხელ შევიდა რომის იმპერიის პროტექტორატში. თუმცა, მეფე პაპი მალევე მოკლეს იმპერატორ ვალენტის ბრძანებით, რადგან იგი არ ემორჩილებოდა რომაელთა ბრძანებებს[3]. მის ნაცვლად ტახტზე არშაკიანთა დინასტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მეფე ვარაზდატი დასვეს. ვინაიდან იგი მანამდე რომში ცხოვრობდა და ამასთან ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა, რეგენტად მუშეგი დაენიშნა. ცხადია, მისმა ასეთმა აღზევებამ შეაშფოთა სხვა სომეხი ნახარარები, რის გამოც მეფე ვარაზდატი დაარწმუნეს, რომ მუშეგმა მოკლა წინამორბედი მეფე და ახლაც საფრთხეს უქმნიდა მის მმართველობას. ამიტომაც ვარაზდატმა სამეფო ბანკეტზე მიიწვია მუშეგი და იქ მოაკვლევინა, რის შემდეგაც მისი ძალაუფლება რამდენიმე ნახარარმა დაინაწილა. მოკლული მუშეგის ცხედარი ოჯახმა და ახლობლებმა მაღალი კოშკის სახურავზე დაასვენეს, იმის იმედით, რომ სულები ჩამოვიდოდნენ და გააცოცხლებდნენ მას[4]. მუშეგის შემდეგ რეგენტი მისი ძმა, მანუელი გახდა, რომელსაც სძულდა მეფე ვარაზდატი, ამიტომაც იგი დაამხო და უკან, რომში გააძევა, მის ნაცვლად კი მეფე პაპის ძე გაამეფა, რომელზეც თავისი ასული ვარდანდუხტი დააქორწინა, რითაც მამიკონიანებმა სამეფო გავლენები შეინარჩუნეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.