მომხმარებელი:Deu/ქართული დამწერლობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის დამწერლობა, რომელიც ქართული ენის ჩასაწერად გამოიყენება; ქართული ანბანი გამოიყენება სამწერლობო ტრადიციების არმქონე ქართველური ენებისა და დიალექტების ჩასაწერადაც; დროგამოშვებით ქართულ დამწერლობაზე დაფუძნებულ ანბანებს იყენებდნენ აგრეთვე კავკასიის არაქართველური ენებიც, მათ შორის აფხაზური და ოსური ენები.
ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი დღეს საკამათოა; არ არსებობს ერთიანი მოსაზრება შემქმნელისა და შექმნის თარიღის შესახებ. მკვლევართა ნაწილი ქართულ ანბანს წინაქრისტიანული, წარმართული ხანით ათარიღებს, ნაწილი კი მის ადრექრისტიანულ ხანაში შექმნის თეორიას ემხრობა. შექმნიდან დღემდე ქართულმა დამწერლობამ განვითარების სამი საფეხური გამოიარა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. დადგენილია, რომ ნუსხური ასომთავრულის შემდგომი განვითარების შედეგია, მხედრული კი — ნუსხურისა. მხედრული დღეს საყოველთაო გამოყენებისაა, ასომთავრული და ნუსხური კი მხოლოდ საეკლესიო ლიტერატურის ჩასაწერად იხმარება.
ასომთავრულში 37 გრაფიკული სიმბოლო იყო, თუმცა ისინი ზუსტად ვერ ასახავდნენ ძველი ქართული ენის ბგერით შედგენილობას; ნუსხურში ანბანს „უ“ ბგერის აღმნიშვნელი ასო დაემატა, რამაც ნაწილობრივ შეავსო ასომთავრულის ეს ხარვეზი. მოგვიანებით, ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ოცდათვრამეტნიშნიანი ქართული ანბანიდან ამოიღეს ის ხუთი ასო, რომელთა შესაბამისი ბგერები თანამედროვე მეტყველებაში აღარ გამოიყენებოდა. დღევანდელი ქართული ანბანი შეიცავს 33 ასოს და სრულად შეესაბამება ქართული ენის ფონეტიკურ სისტემას. ქართველური მეტყველებებისა და კავკასიის არაქართული ენებისათვის დამახასიათებელი ბგერების ჩასაწერად გამოიყენება აგრეთვე დამატებითი ასო-ნიშნებიც.