![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/36/Moby-Dick_FE_title_page.jpg/640px-Moby-Dick_FE_title_page.jpg&w=640&q=50)
მობი დიკი, ანუ თეთრი ვეშაპი
ჰერმან მელვილის რომანი / From Wikipedia, the free encyclopedia
მობი დიკი, ანუ თეთრი ვეშაპი (ინგლ. Moby-Dick; or, The Whale) 一 ამერიკელი მწერლის, ჰერმან მელვილის 1851 წლის რომანი.[1] წიგნი წარმოადგენს მეზღვაური ისმაელის ნარატივს, რომელიც გადმოგვცემს კაპიტან აჰაბის მანიაკალურ მოთხოვნილებაზე, შურისძიების მიზნით შეიპყროს თეთრი ფერის ვეშაპი, რომელმაც წინა ექსპედიციისას მას ფეხი წაართვა და რომელსაც მეორენაირად მობი დიკსაც ეძახიან. აღნიშნული წიგნი ამერიკული რენესანსის ეპოქის გამორჩეულ ლიტერატურულ ნაშრომადაა აღიარებული, თუმცა თავდაპირველად არაერთგვაროვანი მიმოხილვა დაიმსახურა და ავტორს კომერციული წარმატება ვერ მოუტანა. მან რეპუტაცია, როგორც „დიდი ამერიკული რომანი“, მეოცე საუკუნეში მოიპოვა, კერძოდ 1919 წელს, ავტორის დაბადებიდან 100 წლის თავზე. უილიამ ფოლკნერმა წიგნზე საუბრისას თქვა, რომ "ისურვებდა, თავად დაეწერა ის".[2] დეივიდ ჰერბერტ ლოურენსმა მელვილის მაგნუმ ოპუსი „ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და შესანიშნავ წიგნად“ მოიხსენია და უწოდა „უდიდესი რომანი, რომელიც საზღვაო თემატიკას შეეხება“.[3] მისი გახსნითი წინადადება 一 ისმაელი დამიძახეთ 一 ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გახსნადაა აღიარებული.[4]
„მობი დიკი, ანუ თეთრი ვეშაპი“ | |
---|---|
Moby-Dick; or, The Whale | |
![]() პირველი გამოცემა | |
ავტორი | ჰერმან მელვილი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | სათავგადასავლო, საზღვაო |
გამომცემელი |
Richard Bentley (ინგლისი) Harper & Brothers (აშშ) |
გამოცემის თარიღი | 1851 |
მედია | ბეჭდური |
მელვილმა ნაწარმოებზე მუშაობა 1850 წლის თებერვალში დაიწყო და ზუსტად თვრამეტ თვეში დაასრულა. ნაწარმოების შექმნაში მელვილს საკუთარი სამეზღვაურო გამოცდილება დაეხმარა, როცა 1841-1844 წლებში იგი რიგით მეზღვაურად მუშაობდა, აგრეთვე გამოიყენა ვეშაპმჭერობის გამოცდილება, რისი წყალობითაც ამ თემის მქონე ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები შექმნა. მე-19 საუკუნის დასაწყისში წყნარ ოკეანეში ბინადრობდა ვეშაპისებრი არსება, სახელად მოჩა დიკი, რომელიც ძირითადად ჩილეს სანაპიროსთან ცხოვრობდა. არსებობს ვერსია, რომ მელვილი ნაწარმოებზე მუშაობისას, ნაწილობრივ, სწორედ ამ არსებით იყო შთაგონებული.[5] რაც შეეხება წიგნის დასასრულს, იგი 1820 წელს მომხდარი ვეშაპთმჭერი გემის ჩაძირვას დაედო საფუძვლად. ვეშაპზე ნადირობის დეტალური აღწერა, ისევე, როგორც დივერსიული საზოგადოების თანაცხოვრება გემბანზე, აღვრეულია ისეთ საკითხებთან, როგორებიცაა სოც-კლასობრივი სტატუსი და ღმერთის არსებობა. როგორც წესი, ნაწარმოებზე გავლენა იქონია უილიამ შექსპირისა და თომას კარლაილის შემოქმედებებმა, აგრეთვე ბიბლიამ. ნარატიული პროზის გარდა, მელვილი იყენებს სხვადასხვა ლიტერატურულ ხერხს , სიმღერებიდან, პოეზიიდან და ზღაპრებიდან დაწყებული, შექსპირის შემოქმედებითი სტილით დამთავრებული. 1850 წელს, როდესაც ნაწარმოები უკვე ნახევრად დასრულებული იყო, ავტორი შეხვდა მის თანამემამულეს, ნათანიელ ჰოთორნს და გაეცნო მის ერთ-ერთ ნაწარმოებს 一 მოსე ძველი მანსიდან 一 რომელიც მან თავისი კომიკური სტილით შექსპირსაც კი დაუკავშირა. შესაძლოა, სწორედ ამ შეხვედრამ შთააგონა მელვილს, გადაეხედა და კვლავ გაეღრმავებინა საკუთარი ნაწარმოები, რომელიც, საბოლოოდ, თავად ჰოთორნს მიუძღვნა: „მისი გენიალურობით აღტაცებული“.
წიგნი პირველად 1851 წლის ოქტომბერში გამოიცა ლონდონში, სამ ტომად, სათაურით ვეშაპი, ხოლო საბოლოო სათაურით, ამჯერად უკვე ერთ ტომად, იგი გამოიცა იმავე წლის ნოემბერში, ნიუ-იორკში. ლონდონის გამომცემელმა, რიჩარდ ბენტლიმ ნაწარმოები ცენზურას დაუქვემდებარა და მისი მრავალი პასაჟის შეცვლა მოითხოვა. მელვილმა ბოლო წუთებში უამრავი შესწორება გააკეთა, მათ შორის მისი სათაურის, რომელიც ამ სახით იმავე წელს, ნიუ-იორკში გამოქვეყნდა. ბრიტანეთში ნაწარმოები ძირითადად დადებითად შეფასდა, თუმცა ზოგიერთი აპროტესტებდა, რომ ისტორია მოთხრობილი იყო მთხრობელის მიერ, რომელიც გემთან ერთად დაიღუპა, რადგან ბრიტანულ გამოცემას არ ჰქონდა ეპილოგი, რომელშიც მოთხრობილია ისმაელის გადარჩენის შესახებ. ამერიკელი რეცენზენტები წიგნის მიმართ უფრო უარყოფითად იყვნენ განწყობილნი.[6]