კორდობის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
კორდობის პროვინცია შედის ანდალუსიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 76 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
კორდობის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 8 კომარკაში: ალტო-გვადალკივირი, ვალიე-მედიო-დელ-გვადალკივირი, ვალიე-დე-ლოს-პედროჩესი, ვალიე-დელ-გუადიატო, კამპანია-სური, კამპანია-დე-ბაენა, კორდობა, სუბეტიკა.
კორდობის პროვინციის ფართობია 13 550 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 782 979 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია კორდობა, რომელიც ფართობისა (1255,24 კმ²) და მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტია ფუენტე-ლა-ლანჩა (7,83 კმ²)[4].