კბილის კარიესი
From Wikipedia, the free encyclopedia
კბილის კარიესი — პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ. კარიესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რასაც მოგვიანებით მოჰყვება კარიესული დეფექტის წარმოქმნა ღრუს სახით. კბილის კარიესი უკვე დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. ლიტერატურაში აღწერილია ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 2,5-3 ათასი წლის წინანდელი ცნობები კარიესით დაზიანებული კბილების შესახებ.
დედამიწის სხვადასხვა რეგიონში კარიესის გავრცელება და ინტენსივობა არაერთგვაროვანია. ეს განპირობებულია მრავალი ფაქტორით. უპირველესად უნდა აღინიშნოს ფთორის როლი. დამტკიცებულია, რომ თუ ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით მიეწოდება ფტორი, კბილების კარიესით დაზიანების სიხშირე მცირდება. კარიესის განვითარებაში დიდი როლი ენიჭება კვების ხასიათს. კვებაში აღსანიშნავია ნახშირწყლების როლი. გამოკვლევებით დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება ზრდის კბილების კარიესის ინტენსივობას. ნახშირწყლებთან ერთად კარიესის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მიკროორგანიზმები, რომლებიც ნახშირწყლების ფერმენტაციის შედეგად წარმოქმნიან რძემჟავას და სხვა ორგანულ მჟავებს.