![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6a/Francis_Cotes_Princess_Caroline_Matilda.jpg/640px-Francis_Cotes_Princess_Caroline_Matilda.jpg&w=640&q=50)
კაროლინა მატილდა ბრიტანელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კაროლინა მატილდა ბრიტანელი (ინგლ. Caroline Matilda of Great Britain, დან. Caroline Mathilde af Storbritannien[1], ნორვ. Caroline Mathilde av Storbritannia), მეტსახელად ცრემლების დედოფალი (ინგლ. A Queen of Tears; დ. 22 ივლისი, 1751, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო — გ. 10 მაისი, 1775, ცელიე, ჰანოვერი, საღვთო რომის იმპერია) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის პრინცესა დაბადებით. დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1766-1772 წლებში.
![]() |
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კაროლინა მატილდა ბრიტანელი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კაროლინა მატილდა ბრიტანელი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
კაროლინა მატილდა ბრიტანელი | |
---|---|
Caroline Matilda of Great Britain | |
![]() დედოფალი კაროლინა მატილდა 1766 წელს, შესრულებულია პასტელით, ფრანცის კოტეს მიერ | |
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი | |
კორონაცია: |
1 მაისი, 1767, კოპენჰაგენი, დანია |
მმართ. დასაწყისი: | 8 ნოემბერი, 1766 |
მმართ. დასასრული: | 6 აპრილი, 1772 |
წინამორბედი: | იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი |
მემკვიდრე: | მარია ფონ ჰესენ-კასელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 ივლისი, (ძვ. სტილ. 11 ივლისი) 1751 |
დაბ. ადგილი: | ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
გარდ. თარიღი: | 10 მაისი, 1775, (23 წლის) |
გარდ. ადგილი: | ცელიე, ჰანოვერი, საღვთო რომის იმპერია |
დაკრძ. ადგილი: |
13 მაისი, 1775 შტადტკრიხის კათედრალი, ცელიე, გერმანია |
მეუღლე: |
კრისტიან VII, დანიისა და ნორვეგიის მეფე (ქ. 1766 - განქ. 1772) |
შვილები: |
ფრედერიკ VI, დანიისა და ნორვეგიის მეფე ლუიზა ავგუსტა, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგინია |
დინასტია: | ჰანოვერები |
მამა: | ფრედერიკი, უელსის პრინცი |
დედა: | ავგუსტა საქსენ-გოთელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ხელმოწერა: |
|
იგი იყო უელსის პრინც ფრედერიკისა და მისი მეუღლის, ავგუსტა საქსენ-გოთელის ნაბოლარა ასული, რომელიც მამის გარდაცვალებიდან სამ თვეში დაიბადა. მამის მხრიდან იგი დიდი ბრიტნეთის მეფე ჯორჯ II-ის შვილიშვილი და ასევე მეფე ჯორჯ III-ის უმცროსი და იყო. 1764 წლიდან ბრიტანელებსა და დანიის მეფე ფრედერიკ V-ს შორის დინასტიურ ქორწინებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. იგეგმებოდა დანიის კრონპრინც კრისტიანის დაქორწინება ბრიტანელ პრინცესაზე. თავდაპირველად მის საცოლედ კაროლინას უფროსი და, პრინცესა ლუიზა ანა მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოოდ დანიის ელჩმა მომავალ დედოფლად კაროლინა მატილდა შეარჩია.
საქორწინო მოლაპარაკებებისას მეფე ფრედერიკი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი კრისტიან VII-მ დაიკავა. 1766 წელს შედგა კრისტიან VII-ისა და კაროლინა მატილდას მარიონეტული ქორწინება[კომ. 1], რის შემდეგაც ახალგაზრდა დედოფალი დანიაში ჩავიდა, სადაც, კოპენჰაგენში მათი ნამდვილი ქორწილი გაიმართა. 1767 წლის 1 მაისს იგი ოფიციალურად ეკურთხა დანიისა და ნორვეგიის დედოფლად. კრისტიანი ფსიქიკურად შეშლილი, არასტაბილური და ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილი აღმოჩნდა, რის გამოც მათი დედოფალი გამუდმებით თავს არიდებდა მეფეს.
1768 წელს კაროლინამ თავისი პირველი ვაჟი, კრონპრინცი ფრედერიკი გააჩინა. სულ მალე მეფე ერთწლიან ევროპულ ტურში წავიდა სამოგზაუროდ, რა დროსაც დედოფალს ხანმოკლე რომანი ჰქონდა. უკან დაბრუნებულმა კრისტიანმა თან ახალი, გერმანელი ექიმი ჩამოიყვანა იოჰან ფრიდრიხ სტრუენზეს სახით. სულ მალე, დედოფალმა და სამეფო ექიმმა ხანგრძლივი რომანი გააბეს, რის შედეგადაც კაროლინამ მეორე ბავშვი გააჩინა, სახელად ლუიზა ავგუსტა. სტრუენზემ და კაროლინამ დიდი გავლენა მოახდინეს მეფეზე, რომელმაც დაშალა მინისტრთა საბჭო და მათ ახალი რეფორმების გატარება დაიწყეს: გააუქმეს ცენზურა, განაახლეს კოპენჰაგენის ქუჩები და ა.შ.
1772 წელს მათი რომანი გამჟღავნდა, რასაც დიდი სამეფო სკანდალი მოჰყვა. კრისტიან VII დაუყოვნებლივ გაეყარა კაროლინას და სამეფო კარიდან გააძევა იგი, რის შემდეგაც ის ცელიეში გადასახლდა. თავად სტრუენზეს მსგავსი შეღავათი არ გაუკეთეს და მალევე თავი მოჰკვეთეს[კომ. 2]. გერმანიაში გადასახლებული დედოფალი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, რის მიხედვითაც ტახტზე მისი ვაჟი ავიდოდა, თავად კი რეგენტი გახდებოდა, მაგრამ, მოულოდნელად, 1775 წელს გარდაიცვალა ქუნთრუშათი, 23 წლის ასაკში. ამის შემდეგ კრისტიანი აღარ დაქორწინებულა.
მისმა ტრაგიკულმა ცხოვრებამ შემდგომში ფართო ასახვა ჰპოვა ხელოვნებასა და კინემატოგრაფიაში. დედოფალ კაროლინა მატილდაზე არაერთი ნოველა, ფილმი, მუსიკალური ნაწარმოები და სკულპტურაა შექმნილი.