From Wikipedia, the free encyclopedia
იუტუნჰეიმენი (ნორვ. Jotunheimen) — მთიანეთი ნორვეგიაში. წარმოადგენს სკანდინავიის მთების ნაწილს. სიგრძე 80 კმ, სიგანე 45 კმ. ნორვეგიის 29 უმაღლესი მწვერვალი მოქცეულია იუტუნჰეიმენის ფარგლებში, მათ შორისაა ნორვეგიისა და საერთოდ, ჩრდილოეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი გალჰეპიგენი (2469 მ), რომელიც დაფარულია მცირე მყინვარებითა და თოვლით. იუტუნჰეიმენი აგებულია გაბროთი, გრანიტებით, სიენიტებითა და თიხაფიქლებით.[1]
იუტუნჰეიმენი | |
---|---|
გალჰეპიგენი | |
კოორდინატები: 61°36′18″ ჩ. გ. 08°28′39″ ა. გ. | |
ქვეყანა | ნორვეგია |
უმაღლესი წერტილი | გალჰეპიგენი |
სიმაღლე | 2469 მ |
ფართობი | 3500 კმ² |
სიგრძე | 80 კმ |
სიგანე | 45 კმ |
იუტუნჰეიმენის მთიანეთის ფარგლებშია გლიტერტინდენის ქედი (2464 მ), ჰურუნგანეს ქედი (2405 მ), მემურუტინდან-ვეოტინდენის ქედი (2368 მ), გიენდეს ალპები (2341 მ) და სმერსტაბტინდენეს ქედი (2222 მ). აღმოსავლეთით ვრცელდება უტლადალენის გრძელი და ღრმა ხეობა.[2]
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, გაბატონებულია ტუნდრის კლიმატი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 370–1200 მმ. ნალექები უმთავრესად თოვლის სახით მოდის.[3]
განვითარებულია ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელი. არის ჩანჩქერები, რომელთაგან სიდიდით გამოირჩევა ვეტისფოსენი (275 მ). ბევრია ტბა, რომელთა სიღრმე ზოგჯერ 100 მ აღემატება.[4]
გვხვდება ალპური ტიპის დაკბილული მწვერვალები, ღრმა ტროგული ხეობები და მყინვარული ცირკები. იუტუნჰეიმენის ფარგლებში მოქცეულია ნორვეგიის მყინვარების ფართობის 10 %. განვითარებულია ხეობისა და ცირკული ტიპის პატარა მყინვარები. უდიდესია მყინვარი სმერსტაბრეანი, რომლის ფართობია 15.8 კმ².[5] 2000 წლიდან მოყოლებული მთიანეთის მყინვარები შეთხელებას განიცდიან, თუმცა მყინვართა საერთო ევოლუცია საკმაოდ რთულია.[6]
გაბატონებულია მთის ტუნდრა. მდინარეთა ხეობებში იზრდება არყი, მთრთოლავი ვერხვი, ცირცელი. განვითარებულია ტურიზმი. მის ფარგლებშია იუტუნჰეიმენის ეროვნული პარკი.[7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.