![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e2/Yuliia_Paievska_December_2022.jpg/640px-Yuliia_Paievska_December_2022.jpg&w=640&q=50)
იულია პაიევსკა
From Wikipedia, the free encyclopedia
იულია „ტაირა“ პაიევსკა (უკრ. Ю́лія Гео́ргіївна Пає́вська; დ. 19 დეკემბერი, 1968) — უკრაინელი მედიკოსი, რომელმაც დააარსა მოხალისეთა სასწრაფო დახმარების კორპუსი „ტაირას ანგელოზები“ რუსეთ-უკრაინის ომის დროს. 2022 წლის 16 მარტს რუსმა ჯარისკაცებმა დაატყვევეს და დააპატიმრეს. გაათავისუფლეს 2022 წლის 17 ივნისს . იგი გახდა სიმამაცისა და თავგანწირვის სიმბოლო, ნიუ-იორკ ტაიმზის მიხედვით. [1]
იულია პაიევსკა | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
19 დეკემბერი, 1968 (1968-12-19) (55 წლის) უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ |
საქმიანობა | მედიკოსი |
პაიევსკა 2013 წელს ევრომაიდანის საპროტესტო აქციების დროს მსახურობდა ქუჩის ექიმად, შემდეგ ტაქტიკური მედიცინის ტრენერი იყო დონბასში ფრონტის ხაზზე 2014 წლიდან 2018 წლამდე, სადაც მან დააარსა „ტაირას ანგელოზები“, რომლის ფარგლებშიც ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, მათ შორის უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, უკრაინელი ჯარისკაცები, სეპარატისტი მებრძოლები და რუსი ჯარისკაცები. 2018 წლიდან 2020 წლამდე მსახურობდა უკრაინის არმიაში მარიუპოლის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელად. როდესაც დემობილიზებული იყო, აგრძელებდა მუშაობას მოხალისე მედიკოსად.
პაიევსკამ აღბეჭდა ომის მიმდინარეობა 2022 წლის დასაწყისში მარიუპოლის ალყის დროს კამერით. 2022 წლის 15 მარტს ადგილობრივი პოლიციის ოფიცრისა და საერთაშორისო რეპორტიორების დახმარებით ეს ვიდეო კონტრაბანდულად გაიტანა ქალაქიდან. მეორე დღეს, პაიევსკა და მისი სასწრაფო დახმარების მძღოლი რუსეთმა დაატყვევა, როდესაც მარიუპოლის თეატრის საჰაერო თავდასხმისას გაქცეულ დაჭრილ მოქალაქეს ეხმარებოდნენ. მას შემდეგ მის სახელს იყენებდნენ რუსულ პროპაგანდისტულ ვიდეოებში, ადანაშაულებდნენ ნაცისტებთან კავშირში და კრიმინალში.
კიევის მკვიდრი, პაიევსკა, გაზარდა ბაბუამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამსახურებული საბჭოთა ვეტერანი იყო. ის იბრძოდა ლენინგრადის ალყაში . ომამდე პაიევსკა მუშაობდა დიზაინერად, აიკიდოს მწვრთნელად და მოხალისე მედიკოსად. იყო აიკიდოს ფედერაციის „მუტოკუკაი-უკრაინის“ პრეზიდენტი. პაიევსკა სამსახურებრივი ვიზიტის დროს დაშავდა, რის გამოც საჭირო გახდა ორივე თეძოს გამოცვლა და ნაწილობრივი ფიზიკური დაზიანება დარჩა. ის უნდა ყოფილიყო უკრაინის 2020 წლის Invictus Games გუნდის ერთადერთი ქალი წევრი, რომელიც იასპარეზობდა მშვილდოსნობასა და ცურვაში, მაგრამ დატყვევებამ ხელი შეუშალა და 2022 წლის აპრილში გადადებულ თამაშებში ვეღარ მიიღო მონაწილეობა. მის ნაცვლად პაიევსკას ქალიშვილმა იასპარეზა და მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.