From Wikipedia, the free encyclopedia
იოზეფ სიგერ-ჰრონსკი ( სლოვაკ. Jozef Cíger-Hronský ; დ. 1896 წლის 23 თებერვალი, ზვოლენი, ავსტრია-უნგრეთი (ახლანდელი ბანსკობისტრიცკის რეგიონი, სლოვაკეთი ) — გ. 1960 წლის 13 ივლისი, ლუჰანი, არგენტინა ) — სლოვაკი მწერალი, დრამატურგი, მასწავლებელი, პუბლიცისტი, მდივანი და ორგანიზაცია ორგანიზაცია „მატიცა სლოვენსკას“ ერთ-ერთი ლიდერი.[1]
იოზეფ სიგერ ჰრონსკი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Jozef Cíger-Hronský |
დაბადების თარიღი |
23 თებერვალი, 1896 ზვოლენი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
13 ივლისი, 1960 (64 წლის) ლუჰანი, ბუენოს აირესი, არგენტინა |
მოქალაქეობა |
ავსტრია-უნგრეთის იმპერია ჩეხოსლოვაკია არგენტინა |
პროფესია | მწერალი, დრამატურგი, პედაგოგი, პუბლიცისტი |
იოზეფ სიგერ-ჰრონსკი დაიბადა 1896 წელს ცენტრალური სლოვაკეთის ქალაქ ზვოლენში საშუალო შეძლების დურგლების ოჯახში.
მომავალმა მწერალმა დაწყებითი განათლება მიიღო ზვოლენის (1902–1907) და კრუპინეს (1907–1910) საჯარო სკოლებში. 1914 წლამდე სწავლობდა უნგრეთის ქალაქ ლევიცეს პედაგოგიურ სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა მასწავლებლად სხვადასხვა ადგილას. თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს იძულებული გახდა შეეწყვიტა მუშაობა, ვინაიდან 1917-1918 წლებში გააგზავნეს იტალიის ფრონტზე, სადაც მსახურობდა ქვეითად.
მისი პირველი პროზაული ნაწარმოები გამოიცა 1920-იან წლებში (ნოველების და მოკლე პროზის სახით). პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად 1928-1945 წლებში მუშაობდა საბავშვო ჟურნალ Slniečko (მზე) -ს რედაქტორად. 1933 წელს გახდა „მატიცა სლოვენსკას“ მდივანი, მოგვიანებით, 1940 წელს კი — მისი ლიდერი, ამ პოსტზე 1945 წლამდე დარჩა.[2]
1930-იანი წლების ბოლოს შეუერთდა გლინკას სლოვაკეთის სახალხო პარტიას (ľudáci).. 1944 წელს, სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების შემდეგ, დააპატიმრეს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გაათავისუფლეს ციხიდან.
სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ დევნის შიშით, ის ემიგრაციაში წავიდა ავსტრიაში, შემდეგ იტალიაში და საბოლოოდ დასახლდა არგენტინაში, სადაც მუშაობდა დიზაინერად ტექსტილის ქარხანაში.
არგენტინაში ყოფნის პერიოდში ჩამოაყალიბა „მატიცა სლოვენსკა“ საზღვარგარეთ (Zahraničná Matica slovenská). ის იყო უცხოეთში მყოფი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე და უცხოეთში სლოვაკეთის მწერალთა და ხელოვანთა ასოციაციის საპატიო თავმჯდომარე.
გარდაიცვალა 1960 წელს არგენტინაში.
1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ მისი ნეშტი გადაასვენეს ჩეხოსლოვაკიაში, შემდეგ კი 1993 წელს საზეიმოდ დაკრძალეს მარტინის სახალხო სასაფლაოზე.[3]
იოზეფ სიგერ-ჰრონსკი ლირიკული პროზის წარმომადგენელია. ის არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საბავშვო მწერალი სლოვაკეთში.
მისი, როგორც პროზაიკოსის, დებიუტი 1920-იან წლებში შედგა.
იოზეფ სიგერ-გრონსკის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია რომანი „იოზეფ მაკი“, რომელშიც ავტორი ცდილობდა შეექმნა მითი სლოვაკეთის შესახებ. მწერალი ცნობილი გახდა ცხოველების შესახებ ზღაპრებით ("მამაცი კურდღელი", "მამაცი კურდღელი აფრიკაში", "ბუდკაჩიკი და დუბკაჩიკი", "სამი ჭკვიანი ბავშვი"). იგი ავტორია ბავშვებისთვის შექმნილი პირველი მხატვრული და ისტორიული სლოვაკური ნაწარმოებისა — მოთხრობები „ფალკონერი ტომაშის“ შესახებ.
მწერლის ნაწარმოებები ითარგმნა მრავალ ენაზე, მათ შორის ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ და რუსულ ენებზე.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.