ინტერნაციონალი (ჰიმნი)
უნივერსალური მემარცხენე ჰიმნი / From Wikipedia, the free encyclopedia
„ინტერნაციონალი“ (ფრანგ. L'Internationale < ლათ. inter — „შორის“ და natio — „ერი“, „ხალხი“) — საერთაშორისო პროლეტარული ჰიმნი, სკკპ-ისა და სხვა კომუნისტურ პარტიათა ჰიმნი, ასევე რსფსრ (1918-1944), სსრკ (1922-1944), შორეულ აღმოსავლეთის რესპუბლიკის (1920-1922), უკრაინის სსრ (1918-1949), ბელორუსიის სსრ (1919-1952), ჩინეთის საბჭოთა რესპუბლიკისა (1931-1937) და ამიერკავკასიის სფსრ-ის ოფიციალური ჰიმნი. ტექსტი ეკუთვნის ე. პოტიეს (1871, გამოქვეყნდა 1887), მუსიკა — პ. დეგეიტერს. პირველად 1888 წელს შეასრულა ქ. ლილის მუშათა გუნდმა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინტერნაციონალი. |
„ინტერნაციონალის“ პირველი თარგმანები 1890 წელს განეკუთვნება. მისი მისამღერი ტექსტი რუსულ ენაზე გამოქვეყნდა ლენინური „ისკრის“ პირველ ნომერში (1900)[1]. „ინტერნაციონალის“ რუსული ტექსტის ავტორია ა. კოცი (1902)[2].
1906 წლის რსდმპ IV ყრილობის შემდეგ „ინტერნაციონალი“ რუსეთის რევოლუციის სოციალ-დემოკრატიულ პარტიულ ჰიმნად იქცა. 1918 წლის 10 (23) იანვარს სრულიად რუსეთის საბჭოების III ყრილობის გახსნისას „ინტერნაციონალი“ შესრულდა, როგორც რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი. 1944 წელს სსრკ-ის ახალი სახელმწიფო ჰიმნის დამტკიცებასთან დაკავშირებით სკპ(ბ) ცკ-ის პლენუმმა დაადგინა, რომ „ინტერნაციონალი“ დარჩენილიყო კომუნისტური პარტიის ჰიმნად.
„ინტერნაციონალის“ რუსული რედაქცია დაედო საფუძვლად მის თარგმანს სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ენებზე. საქართველოში ითარგმნა 1905 წელს (ა. წერეთელი, ი. ევდოშვილი).
1923 წელს დამტკიცდა „ინტერნაციონალის“ საყოველთაო მუსიკალური რედაქცია (დ. ვასილიევ-ბუგლაი, ა. გედიკე, ლ. შულგინი და სხვა). 1937 წელს „ინტერნაციონალი“ სიმფონიური ორკესტრისათვის დაამუშავა დ. შოსტაკოვიჩმა.