ინდონეზიის საგარეო ურთიერთობები
From Wikipedia, the free encyclopedia
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდონეზიის საგარეო ურთიერთობები „თავისუფალი და აქტიური“ საგარეო პოლიტიკით ხასიათდება. ინდონეზია რეგიონულ საკითხებში მნიშვნელოვან როლს ითავსებს ქვეყნის ზომიდან და მდებარეობიდან გამომდინარე, თუმცა სხვა ძლიერ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტებში ჩართვისგან თავს იკავებს. სუკარნოს პრეზიდენტობისას ინდონეზიის საგარეო ურთიერთობები აზიისა და აფრიკის იმ სახელმიწიფოებთან კავშირების დამყარებასი გამოიხატებოდა, რომელთაც დამოუკიდებლობა ახლად ჰქონდათ მოპოვებული, რისი მაგალითიც იყო ბანდუნგის კონფერენცია, შემდეგ მიუმხრობლობის მოძრაობის დაარსება და დასავლურ ძალებთან მოწინააღმდეგე განწყობების განვითარება და წინააღმდეგობა იმის მიმართ, რასაც სუკარნო ნეკოლიმს (ნეოკოლონიალიზმი და იმპერიალიზმი) უწოდებდა.[1]
1960-იანი წლების ბოლო ინდონეზიის საგარეო პოლიტიკა მნიშვნველოვნად შეიცვალა „ახალი წესრიგის“ მთავრობის დროს, როდესაც პრეზიდენტმა სუჰარტომ ანტიდასავლური, ანტიამერიკული დამოკიდებულება შეცვალა. ინდონეზიის მთავრობის დამოუკიდებელი, ზომიერი საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომა მსგავსი დარჩა სუჰარტოს ძალაუფლების დაკარგვის შემდეგაც.
1975 წლის დეკემბერში მეზობელ აღმოსავლეთ ტიმროში შეჭრის, ანექსიისა და ოკუპაციის შემდეგ ინდონეზიის ურთიერთობები საერთაშორისო საზოგადოებასთან დაიძაბა. 1967 წელს ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო. ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდესი სახელმწიფოა და თავისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას მიიჩნევს. სუჰარტოს რეჟიმიდან შედარებით ღია და დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში ლიდერეობით ინდონეზია დღეისთვის უკვე თანამშრომლობას, განვითარებას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას უჭერს მხარს რეგიონში.[2]
პრეაჰ-ვიჰეარის ტაძრის გამო წარმოშობილი კამბოჯა-ტაილანდის კონფლიქტის დროს ინდონეზიამ მშვიდობისმყოფელის როლი შეითავსა. ინდონეზიამ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სხვა სახელმწფოებმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მიანმარის მთავრობის წახალისებაში, რათა ბირმას პოლიტიკური სისტემა უფრო ღია გაეხადა და რეფორმები უფრო სწრაფად გაეტარებინა.[2]
გეოგრაფიული და დემოგრაფიული ზომის, ზრდადი შესაძლებლობისა და დიპლომატიური ინიციატივების გამო, მკვლევრები ინდონეზიას აზია-წყნარი ოკეანის საშუალო ძალად ახასიათებენ.[3]