From Wikipedia, the free encyclopedia
იაპონური დამწერლობა არის ჩინური სიტყვა–ნიშნური სისტემისა და იაპონური [კუთხოვანი (კატაკანა) და მრგვლოვანი (ჰირაგანა)] მარცვლოვანი დამწერლობის ერთგვარი ნარევი. სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის 400 წლისათვის უკვე კარგად განვითარებული ჩინური დამწერლობა უნდა შემოეტანათ ასევე იაპონიაში. დროთა განმავლობაში იაპონელებმა უცხოეთიდან შემოტანილი ეს გრაფიკული ნიშნები კიდევ დაახლ. 250 იდეოგრამით (კანჯი) განავრცეს. იმის გამო, რომ იაპონური ენა აგლუტინირებადი ენა არის და მისი ბგერების ჩინური სიტყვა–ნიშნების მეშვეობით ადეკვატური გადმოტანა შეუძლებელი გახდა, იაპონლებმა შემდეგ ხერხს მიმართეს; მათ კანჯის ნიშნები მიუხედავად მათი მნიშვნელობისა იაპონური ბგერების გადმოსაცემად „ისესხეს“ და მათი გამოყენება დაიწყეს ფონეტიკური დანიშნულებით (კანა). იაპონური მარცვლებისთვის ნიშანთა ჯგუფების ხშირმა გამოყენებამ IX საუკუნეში ხელი შეუწყო ნაწილობრივ შემოკლებული ფორმების გაჩენას; ამ შრიფტს დაარქვეს ჰირაგანა. ამავდროულად IX საუკუნეში კანას მეორე ფორმა გაჩნდა და მას კატაკანა ეწოდა.
დღესდღეობით ყველაზე უფრო გამოყენებადი კანჯის რაოდენობა შეადგენს 1850, რომელთაგან 881 ნიშნის შესწავლა სავალდებულოა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში. შერეული სტილით წერისას ცნებები კანჯის მეშვეობით გამოიხატება, მორფოლოგიურ–სინტაქსურ ელემენტებს (სუფიქსები, ბოლოსართები და ა.შ.) კი ჰირაგანათი წერენ. კატაკანას გამოყენება შეზღუდულია გარკვეული სფეროებით (მაგ.; კატაკანათი წერენ უცხო ან ნასესხებ სიტყვებს). იაპონლები ტრადიციულად წერენ ვერტიკალურად, ზევიდან ქვევით, მაგრამ ასევე ჰორიზონტალურად — მარცხნიდან მარჯვნივ.
ქართული ენისაგან განსხვავებით იაპონურ ტექსტში სიტყვებს ჩვეულებისამებრ ინტერვალების გარეშე, ერთმანეთის მიყოლებით წერენ და მათი გადატანა, ან გაყოფა სტრიქონის, ან სვეტის ბოლოში ნებისმიერ ადგილას შეიძლება უტირეოდ (ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ადგილი სასვენი ნიშნის წინ). ქართულ ანბანში ასო–ნიშნები შეიძლება განსხვავებული ზომისა იყოს (მაგ.; ინი და ონი, ლასი და ღარი), იაპონელები კი ნიშნებს წერენ ნაგულისხმევ კვადრატებში, სადაც ყოველ იაპონურ ნიშანს, მათ შორის სასვენ ნიშანსაც ერთნაირი ზომა აქვს.
ტრადიციული იაპონური ტექსტები კლასიკური ჩინურის მსგავსად შესრულებულია დაღმასვლით, ანუ ტექსტი დაწერილია და იკითხება ზემოდან ქვემოთ, ამასთანავე სვეტები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას, მარჯვნიდან მარცხნივ. ამ წერით მიმართულებას დღესაც გამოიყენებენ ლიტერატურულ ტექსტებსა და მანგაში. ამის გამოა, რომ იაპონელები წიგნებსა თუ სხვა ბეჭდურ ნაწარმოებებს (ჩვენი პერსპექტივით) „არასწორად“ გადაშლიან–ხოლმე; სათაურის სანახავად წიგნი ზურგზე უნდა მარჯვნისაკენ უნდა გადმოვატრიალოთ და წავიკითხოთ არა თავიდან ბოლომდე, არამედ პირიქით.
სპეციალურ ტექსტებში, სადაც უხვადაა რომაჯი, წერენ და კითხულობენ მარცხნიდან მარჯვნივ და თანაც ჰორიზონტალურად. იგივე ითქმის (ჰორიზონტალურ) სარეკლამო თუ სხვა რამ წარწერებზე, მაგ.; გზის მაჩვენებლებზე, ტრაფარეტებზე.
გაზეთებში წერა–კითხვის მიმართულება დამოკიდებულია კონკრეტულ სტატიაზე, ანუ შეიძლება ერთ გაზეთში ორი სტატიის წაკითხვა გასხვავებული მიმართულებებით მოგვიწიოს.
მთავარი სტატია: კანჯი
კანჯი (漢字) გამოსახავენ ჰანის ნიშნებს. ჰანი ასევე ჩინეთისა და ჩინელების სინონიმია. ეს დამწერლობა ჩინური ნიშნების ფორმით VI საუკუნიდან კორეის გავლით შემოვიდა და დამკვიდრდა იაპონიაში. თავდაპირველად იაპონურ ენაზე სუფთა ჩინურად წერდნენ, რომელსაც კანბუნი დაერქვა. კანბუნი არის სტილი, რომელიც სახელდახელოდ, დახმარების მოშველიებით IX საუკუნის სეცუვას ლიტერატურიდან მოყოლებული მე–2 მსოფლიო ომის ბოლომდე გამოიყენებოდა მოდიფიცირებული ფორმით ოფიციალური დოკუმენტაციის საწარმოებლად. კანჯის ნიშნებს (კანასაგან განსხვავებით) თავისი დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვთ და მათ ლოგოგრამებსაც უწოდებენ, რომლებიც თავის მხრივ პიქტოგრამებად, იდეოგრამებად და ფონოგრამებად დაიყოფა. ამავე დროს ბევრი კანჯი რამდენიმე (ხშირად ორი) შემცირებული ნიშნისაგანაა შედგენილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.