იაპონიის კაპიტულაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
იაპონიის იმპერიის კაპიტულაცია იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ გამოაცხადა 15 აგვისტოს და ოფიციალურად ხელი მოაწერა 1945 წლის 2 სექტემბერს, რითაც დაასრულა მეორე მსოფლიო ომის საომარი მოქმედებები. 1945 წლის ივლისის ბოლოს იაპონიის საიმპერატორო საზღვაო ფლოტს (IJN) უნარი აღარ შესწევდა ჩაეტარებინა სამხედრო ოპერაციები და მოკავშირეთა შეჭრა იაპონიაში გარდაუვალი იყო. დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა იაპონიის შეიარაღებული ძალების უპირობო კაპიტულაცია მოითხოვა პოტსდამის დეკლარაციაში 1945 წლის 26 ივლისს — ალტერნატივა იყო „სწრაფი და სრული განადგურება“. „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ ბრძოლის საჯარო დაპირებების მიუხედავად, იაპონიის ლიდერებმა (ომის ხელმძღვანელობის უმაღლესი საბჭო, ასევე ცნობილი, როგორც „დიდი ექვსეული“) ფარულად მიმართეს ფორმალურად ნეიტრალურ საბჭოთა კავშირს იაპონელებისთვის უფრო ხელსაყრელი სამშვიდობო პირობების თხოვნით. იაპონელებთან დიპლომატიური ურთიერთობის საკმარისი დონის შენარჩუნების მიუხედავად, სსრკ ფარულად ემზადებოდა თავდასხმისთვის იაპონურ ძალებზე მანჯურიასა და კორეაში (სამხრეთ სახალინსა და კურილის კუნძულებთან ერთად) იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც მან ფარულად მისცა შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს თეირანისა და იალტის კონფერენციებზე.
1945 წლის 6 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დილის 8:15 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ატომური ბომბი გამოიყენეს. 16:00 საათის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ს. ტრუმენმა კვლავ მოუწოდა იაპონიას კაპიტულაციისკენ და გააფრთხილა, რომ „ჰაერიდან უნდა მოელოდნენ ნგრევის წვიმას, რომლის მსგავსი არასოდეს უნახავთ დედამიწაზე“. 1945 წლის 8 აგვისტოს გვიან საღამოს, იალტის შეთანხმებების შესაბამისად, მაგრამ საბჭოთა-იაპონიის ნეიტრალიტეტის პაქტის დარღვევით, საბჭოთა კავშირმა ომი გამოუცხადა იაპონიას და 1945 წლის 9 აგვისტოს შუაღამის შემდეგ შეიჭრა იაპონიის იმპერიის მარიონეტულ მანჯოუ-გოში. რამდენიმე საათში შეერთებულმა შტატებმა მეორე ატომური ბომბი ჩამოაგდო, ამჯერად იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში. ამ მოვლენების შემდეგ, იმპერატორი ჰიროჰიტო ჩაერია და უბრძანა ომის ხელმძღვანელობის უმაღლეს საბჭოს, მიეღო პირობები, რომლებიც მოკავშირეებმა დააწესეს პოტსდამის დეკლარაციაში ომის დასრულებისთვის. კულისებს მიღმა რამდენიმედღიანი მოლაპარაკებებისა და წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, იმპერატორმა ჰიროჰიტომ 15 აგვისტოს იმპერიის მასშტაბით გაავრცელა ჩაწერილი რადიო-მიმართვა და იაპონიის კაპიტულაცია გამოაცხადა.
28 აგვისტოს დაიწყო იაპონიის ოკუპაცია მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლის ხელმძღვანელობით. კაპიტულაციის ცერემონია გაიმართა 2 სექტემბერს, შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საბრძოლო ხომალდ USS მისურიზე, სადაც იაპონიის მთავრობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს იაპონიის კაპიტულაციის აქტს, რითაც დასრულდა საომარი მოქმედებები. მოკავშირეთა მოქალაქეები და სამხედრო პერსონალი ერთნაირად აღნიშნავდნენ „იაპონიაზე გამარჯვების დღეს“ - ომის დასრულებას; თუმცა, კაპიტულაციის მიუხედავად, ცალკეული ჯარისკაცები და აზიასა და წყნარ ოკეანეში მიმოფანტული იაპონიის შორეული ძალების პერსონალი თვეებისა და წლების შემდეგაც უარს ამბობდნენ კაპიტულაციაზე, ზოგი 1970-იან წლებშიც კი უარზე იყო. იაპონიის კაპიტულაციაში ატომური დაბომბვების როლსა და ორი განხორციელებული თავდასხმის ეთიკურობის შესახებ დებატები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საომარი მდგომარეობა ოფიციალურად დასრულდა, როდესაც სან-ფრანცისკოს ხელშეკრულება 1952 წლის 28 აპრილს ძალაში შევიდა. კიდევ ოთხი წელი გავიდა მანამ, სანამ იაპონიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს 1956 წლის საბჭოთა-იაპონიის ერთობლივ დეკლარაციას, რომელმაც ოფიციალურად დაასრულა მათ შორის საომარი მდგომარეობა.