From Wikipedia, the free encyclopedia
ვახანის დერეფანი — ტერიტორიის ვიწრო მონაკვეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში. მონაკვეთი შეჭრილია ჩინეთში და ტაჯიკეთს გამოყოფს პაკისტანისგან. დერეფანი მდებარეობს პამირის მთიანეთსა (ჩრდილოეთით) და ყარაყორუმს (სამხრეთით) შორის. მისი სიგრძეა 350 კილომეტრი, ხოლო სიგანე მერყეობს 13–65 ფარგლებში.[1] ამ მაღალი მთებიდან სათავეს იღებენ მდინარეები ფანჯი და პამირი რომელთა შეერთებითაც ამუდარიას იქმნება. 2010 წლის აღწერით ვახანის დერეფანში დაახლოებით 12 000 ადამიანი ცხოვრობდა.[2]
ვახანის დერეფანი წარმოადგენს ბადახშანის პროვინციის პანდალს. დერეფნის ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენს მდინარე პამირი, დასავლეთს ტბა ზორქოლი ხოლო აღმოსავლეთით პამირის მთიანეთის მწვერვალები. დერეფნიდან ჩრდილოეთით მდებარეობს ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი. სამხრეთიდან დერეფანი შემოსაზღვრულია ჰინდუქუშის და ყარაყორუმის მაღალი მთებით. ბაროგილით და ირშადის უღელტეხილით ის უკავშირდება პაკისტანის პროვინციებს: ხაიბერ-პახტუნხვა და გილგიტ-ბალტისტანი. დერეფნის სიმაღლე აღმოსავლეთით არის 4,923 მეტრი ხოლო დასავლეთით 3,037.[4]
მიუხედავად მთაგორიანი რელიეფისა დერეფანი ისტორიულად გამოიყენებოდა როგორც ბადახშანსა და იარკენდს შორის სავაჭრო გზა.[5] ითვლება, რომ ამ გზით გაიარა მარკო პოლომ.[6] 1602-1606 წლებში ამ გზით ჩინეთში გადავიდა პორტუგალიელი იეზუიტი მღვდელი ბენტო დე გიში. 1906 წლის მაისში ფერეფანი გამოიკვლია აურიელ სტეინმა და აღწერა, რომ ყოვლეწლიურად ამ დერეფნის გავლით ჩინეთში 100 ოქროთი დატვირთული პონი გადადიოდა.[7]
დერეფანი დიდი ბრიტანეთსა და რუსეთის იმპერიას შორის დიდი თამაშის სახელით ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შედეგად წარმოიშვა. იმპერიებს შორის 1873 წელს დადებულმა ხელშეკრულებამ ჩრდილოეთით გაყო ისტორიული ვახანის რეგიონი და რუსეთ-ავღანეთის საზღვრად მდინარეები პამირი და ფანჯი გამოაცხადა,[1] ხოლო სამხრეთით 1893 წელს დადებული დურანდის ხაზის შეთანხმებით დადგინდა საზღვარი ბრიტანეთის ინდოეთსა და ავღანეთს შორის. შედეგად ორ იმპერიას შორის შეიქმნა ავღანეთის შემადგენლობაში შემავალი ბუფერული ზონა, რომელსაც მეოცე საუკუნეში ვახანის დერეფანი ეწოდა.[8]
დერეფანი ერთი საუკუნის წინ დაიხურა და იქ არ არის თანამედროვე გზები.[4] იქ არის მხოლოდ 1960-იანებში აგებული გრუნტის გზა იშკაშიმიდან სარჰადამდე.[9] იაკობ ტოუსენის მოსაზრებით, დერეფანი ნარკოტიკების ჩინეთში შესატანად გამოიყენება, თუმცა გზის მდგომარეობის გათვალისწინებით მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქიდან ან პაკისტანიდან შეტანილ რაოდენობასთან შედარებით უმნიშვნელო იქნება.[10]
ავღანეთის მთავრობამ რამდენიმეჯერ მიმართა ჩინეთის მთავრობას თხოვნით, რომ გაეხსნათ ვახანის კორიდორის საზღვარი. მათი მტკიცებით ეს იქნებოდა ეკონომიკური სტიმულის მატარებელი და თალიბანთან ბრძოლისთვის რესურსის შეტანის ახალი გზა. ჩენეთი აღნიშნულ მოთხოვნას მის სინძიანის რეგიონში (რომელიც ესასღვრება დერეფანს) მიმდინარე არეულობების გამო არ დათანხმდა.[11][12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.