ვასკულიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვასკულიტი — დაავადებათა ჯგუფი, რომელთა დროსაც ზიანდება სისხლძარღვები.[1] სისტემური ვასკულიტების დროს ვითარდება სისხლძარღვის კედლის ყველა შრის ანთება და ნეკროზი, რასაც ხშირად თან სდევს სისხლძარღვის ოკლუზია, მიკროცირკულაციის დარღვევა და შემდგომ — ორგანოებისა და ქსოვილების იშემია (ინფარქტისა და ნეკროზის ჩათვლით). ვასკულიტები ვითარდება იმუნოპათოლოგიური პროცესების ფონზე როგორც დაუყოვნებელი ან შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია.
ვასკულიტი | |
---|---|
| |
დარგი | რევმატოლოგია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 13750 |
ICD-10 | I77.6, I80., L95., M30.-M31. |
ICD-9 | 446, 447.6 |
Patient UK | ვასკულიტი |
MeSH | D014657 |
ამა თუ იმ ვასკულიტის სახელწოდება და კლასიფიკაციაში მისი ადგილი უმთავრესად სისხლძარღვთა დაზიანების ფართობსა და ტიპზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ სისტემური ვასკულიტები კლინიკური გამოვლინებით ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან, რამდენიმე საერთო ნიშანიც აქვს:[2]
- დაუდგენელი ეტიოლოგია;
- მსგავსი პათოგენეზი — იმუნური ჰომეოსტაზის დარღვევა აუტოანტისხეულებისა და იმუნური კომპლექსების გამომუშავებით, რომლებიც ცირკულირებს სისხლში, ფიქსირდება სისხლძარღვის კედელზე და მის ანთებას იწვევს;
- ქრონიკული მიმდინარეობა გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობით (გამწვავებას იწვევს არასპეციფიკური ფაქტორები — ინსოლაცია, გადაცივება, არასპეციფიკური ინფექცია, ვაქცინაცია);
- დაზიანების მრავალსისტემურობა (სახსრები, კანი, შინაგანი ორგანოები);
- იმუნოსუპრესიული პრეპარატების (კორტიკოსტეროიდები, ციტოსტატიკები) სამკურნალო ეფექტიანობა.
განასხვავებენ პირველად და მეორეულ ვასკულიტებს. პირველადი ვასკულიტი დამოუკიდებლად მიმდინარე დაავადებაა, ხოლო მეორეული ვითარდება რომელიმე ინფექციური, ალერგიული (რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი მგლურას, სკლეროდერმიის) ან სხვა დაავადების ფონზე. დაავადების სიმპტომები სისხლძარღვის დაზიანების ტიპსა და ორგანული დაზიანებების სიმძიმეზეა დამოკიდებული. დაზიანებული სისხლძარღვის კალიბრის მიხედვით ვასკულიტების კლასიფიკაცია ამგვარად შეიძლება წარმოვიდგინოთ:
- მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე ვასკულიტები
- გიგანტუჯრედიანი არტერიიტი;
- ტაკაიასუს არტერიიტი;
- საშუალო კალიბრის სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე ვასკულიტები
- კვანძოვანი პერიარტერიიტი;
- კავასაკის დაავადება;
- წვრილი სისხლძარღვების დაიზიანებით მიმდინარე ვასკულიტები
- ვეგენერის გრანულომატოზი;
- მიკროსკოპული პოლიანგიიტი;
- ჩარჯ-სტოქსის სინდრომი;
- შენლეინ-ჰენოხის პურპურა;
- ესენციური კრიოგლობულინეიური ვასკულიტი.