ესტერსუნდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ესტერსუნდი (შვედ. Östersund) — ქალაქი ცენტრალურ შვედეთში, იემტლანდის პროვინციაში; ესტერსუნდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და ამავე სახელწოდების ლენის დედაქალაქი. მდებარეობს შვედეთის სიდიდით მეხუთე ტბის — სტურშენის ნაპირებთან, კუნძულ ფრესენის მოპირდაპირედ. ესტერსუნდი რეგიონის კულტურული, ეკონომიკური და ტრადიციული სავაჭრო-კომერციული საქმინობის ცენტრია. მას XXI საუკუნის ადრეულ წლებამდე მთელს შვედეთში ყველაზე დიდი გარნიზონი გააჩნდა. ქალაქში მდებარეობს შუა შვედეთის უნივერსიტეტის უდიდესი საუნივერსიტეტო ქალაქი 7 000 სტუდენტით. 2010 წლის მონაცემებით, ესტერსუნდის მოსახლეობა დაახლოებით 60 000 ადამიანია[1] და ის ამ მხრივ 24-ე ქალაქია შვედეთში და 46-ე სკანდინავიაში; ასევე, იგი შვედეთის უდიდესი შიდა ქალაქია.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ესტერსუნდი შვედ. Östersund | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 63°11′00″ ჩ. გ. 14°40′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 27,28 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 312 მეტრი | ||
მოსახლეობა | 44 327 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 1 625 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 063 | ||
საფოსტო ინდექსი | 831 XX | ||
ოფიციალური საიტი | https://www.ostersund.se | ||
ესტერსუნდი შვედეთის ერთადერთი ქალაქია, რომელიც დაარსდა და პრივილეგირებულ იქნა XVIII საუკუნეში. მისი დაარსების მიზანი იყო სავაჭრო მონოპოლიის შექმნა მთლიან იემტლანდზე, რომლის მოსახლეობის მომგებიანი ვაჭრობაც შვედეთის მონარქს აღიზიანებდა. ეს განზრახვა მიზნად ისახავდა გადამყიდველი ვაჭრების მიერ ადგილობრივი ფერმერების განდევნას, მაგრამ ადგილობრივები ამ ეკონომიკურ ფილოსოფიას წინააღმდეგობით შეხვდნენ, რის გამოც ესტერსუნდი კიდევ კარგა ხანს პატარა ქალაქად დარჩა.[2] ნამდვილ ქალაქად ის XIX საუკუნის ბოლოს იქცა, როდესაც იქ რკინიგზა შევიდა და დაიწყო ეკონომიკური ლიბერალიზაცია.
ესტერსუნდი სკანდინავიის შუაგულში მდებარეობს და ქალაქ სუნდსვალს შვედეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან აერთებს. ფაქტია, რომ ქალაქი არა მხოლოდ სკანდინავიის, არამედ შვედეთის, იემტლანდის რეგიონისა და ესტერსუნდის მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარეობს. მას ხშირად შვედეთის გეოგრაფიულ ცენტრადაც მოიხსენიებენ.[3][4]