ემერი მალანიუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ემერი მალანიუ (/ˈɛməri ˈmɒlᵻnoʊ/ EM -ər-ee MOL -in-oh ; გ. ივნისი, 1598) — ინგლისელი ელისაბეთის ხანის გლობუსის, მათემატიკური ინსტრუმენტებისა და სამხედრო იარაღების მწარმოებელი. მისი სახმელეთო და ციური გლობუსები, რომელიც თავდაპირველად გამოუშვეს 1592 წელს, იყო პირველი გლობუსი, რომელიც შექმნა ინგლისელმა მეცნიერმა ინგლისში.
ემერი მალანიუ | |
---|---|
დაბ. თარიღი | XVI საუკუნე |
გარდ. თარიღი | ივნისი, 1598 |
გარდ. ადგილი | ამსტერდამი |
მოქალაქეობა | ინგლისის სამეფო |
საქმიანობა | კარტოგრაფი და მათემატიკოსი |
მალანიუ ცნობილი იყო, როგორც ინგლისელი მათემატიკოსი და მუშაობდა ისეთ ხელსაწყოებზე, როგორებიცაა კომპასი და ქვიშის საათი. იგი ახლოს იცნობდა უამრავ გამოჩენილ ადამიანს, მათ შორის მწერალ რიჩარდ ჰაკლუიტს და მათემატიკოსებს — რობერტ ჰუესს და ედვარდ რაიტს. იგი ასევე იცნობდა მაძიებლებს — თომას კავენდიშს, ფრენსის დრეიკს, ვოლტერ რაილის და ჯონ დევისს. დევისმა გააცნო მალანიუს საკუთარი მფარველი, ლონდონელი ვაჭარი უილიამ სანდერსონი, რომელიც დიდწილად აფინანსებდა ემერის საქმიანობას. ძირითადად, დასრულების შემდეგ, გლობუსს წარუდგენდნენ ელისაბედ I-ს. უფრო დიდ გლობუსებს იძენდნენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, დიდგვაროვნები და აკადემიური ინსტიტუტები, ხოლო მცირე ზომის გლობუსების ყიდვა შედარებით უფრო პოპულარული იყო მეზღვაურთა და სტუდენტთა შორის, პრაქტიკული ნავიგაციისთვის. თავდაპირველად ემერი გლობუსებს ქმნიდა ისეთი გამძლე ნივთიერებებისგან, რომლებიც ზღვის სინესტეს უძლებდნენ. სწორედ ამიტომ, ისინი გემებზე საკმაოდ პოპულარული და მნიშვნელოვანი გახდნენ.
1596, ან 1597 წელს მალანიუ მეუღლესთან ერთად ემიგრაციაში წავიდა ამსტერდამში, სადაც მან წარმატებით დააინტერესა გაერთიანებული პროვინციების თანამდებობის პირები თავისი გამოგონილი ქვემეხის მონაცემებით, მაგრამ იგი მოულოდნელად გარდაიცვალა 1598 წლის ივნისში, აშკარად სიღატაკეში. მასთან ერთად გაქრა ინგლისში გლობუსის შემქმნელი ინდუსტრია.
მიჩნეულია, რომ მსოფლიოში მისი დამზადებული გლობუსის მხოლოდ ექვსი ეგზემპლიარია შემორჩენილი. სამი მდებარეობს ინგლისში, რომელთაგან ერთი წყვილი, რომელიც შედგება სახმელეთო და ციური გლობუსებისგან, შედის Middle Temple-ის საზოგადოებისა და მისი ბიბლიოთეკის შემადგენლობაში, ხოლო ერთი სახმელეთო არის პეტვორთში, დასავლეთ სასექსში.