ემაკიმონო
From Wikipedia, the free encyclopedia
ემაკიმონო (絵巻物) ან ემაკი (絵巻) — მოხატული ხელნაწერების ილუსტრირებული ჰორიზონტალური თხრობის სისტემა იაპონიაში, რომლის უძველესი ნიმუშებიც თარიღდება ნარას პერიოდით (ძვ. წ. 710-794). თავდაპირველად იგი ბევრად უფრო ძველი მისი მსგავსი ჩინური ხელნაწერების მიბაძვას წარმოადგენდა, თუმცა ჰეიანისა (794-1185) და კამაკურას პერიოდში (1185-1333) იაპონურმა ემაკიმონომ თავისი მკაფიოდ გამოხატული დამოუკიდებელი სტილი განივითარა. აქედან გამომდინარე, ეს ტერმინი მხოლოდ იაპონურ მოხატულ თხრობით გრაგნილებს მიემართება.
ისევე, როგორც ჩინური და კორეული გრაგნილები, ემაკიმონო აერთიანებს კალიგრაფიასა და ილუსტრაციებს, რომელიც იხატება ან იბეჭდება ქაღალდის ან აბრეშუმის გრძელ რულონებზე, რომელთა სიგრძე ზოგჯერ რამდენიმე მეტრსაც აღწევს. მკითხველი ნელ-ნელა ხსნის თითოეულ გრაგნილს და ამბავს თანდათან ეცნობა. ემაკიმონო თხრობითი ჟანრია, რომელშიც შესაძლოა შევხვდეთ როგორც რომანტიკულ ან ეპიკურ სიუჟებს, ასევე რელიგიურ ტექსტებსა თუ ლეგენდებს. იამატო-ე-ის სტილში შესრულებული ეს იაპონური ნამუშევრები, უპირველეს ყოვლისა, ყოველდღიური ხელოვნებაა, რომელიც ამოსავალი წერტილი ადამიანი და ხელოვანის მიერ გადმოცემული შეგრძნებებია.
თავდაპირველად, VIII საუკუნის დასაწყისში იაპონური ემაკიმონოს ნიმუშები ჩინური გრაგნილების მიბაძვით იქმნებოდა, თუმცა X საუკუნიდან ჰეიანის საიმპერატორო კარზე თვითმყოფადი იაპონური სტილის ემაკიმონო გამოჩნდა. იგი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობდა არისტოკრატ ქალბატონებს შორის, რომლებიც თავიან ცხოვრებას ხელოვნებას, პოეზიას, მხატვრობას, კალიგრაფიასა და ლიტერატურას უძღვნიდნენ. მიუხედავად ამისა, ჰეიანის ეპოქიდან დღემდე ემაკიმონოს არც ერთ ნიმუშს არ მოუღწევია. მისი უძველესი აღმოჩენილი ნიმუშები თარიღდება XII-XIII საუკუნეებით, ემაკიმონოს „ოქროს ხანით“. ამ პერიოდში მისი კომპოზიციის ტექნიკები მეტად დაიხვეწა, თემატიკა კი გაფართოვდა. მის შექმნას ძირითადად არისტოკრატები ან ბუდისტური ტაძრები აფინანსებდნენ. XIV საუკუნიდან ემაკიმონოს ჟანრმა სარბიელი ძენ ბუდიზმისგან წარმოშობილ ახალ მოძრაობებს დაუთმო.
ემაკიმონოს ნახატები ძირითადად იამატო-ე სტილშა შესრულებული. ამ უკანასკნელს ახასიათებს იაპონური ცხოვრებისა და პეიზაჟების აღწერა, აქცენტი მკვეთრ ფერებზე და დეკორაციების გამოყენება. ემაკიმონოს ფორმატი, რომელიც შეზღუდული სიმაღლის გრძელ გრაგნილებს მოიცავს, მოითხოვს არაერთი კომპოზიციური ამოცანის გადაჭრას: უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გადასვლები განხორციელდეს სიუჟეტის სხვადასვხა სცენებს შორის, ასევე საჭიროა შექმნა რიტმისა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს წამიერ განცდებსა თუ ემოციებს. ზოგადად, არსებობს ემაკიმონოს ორი ძირითადი კატეგორია: პირველში ტექსტი და ილუსტრაციები ერთმანეთს ენაცვლება და ყოველი ახალი ილუსტრაცია მის წინმსწრებ ტექსტს მიემართება, ხოლო მეორეში ვხვდებით მხოლოდ უწყვეტ ილუსტრაციებს, ტექსტების გარეშე.
ემაკიმონო გვთავაზობს გავეცნოთ ნებისმერი სოციალური კლასისა თუ ასაკის იაპონელების ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებს შუა საუკუნეების ადრეულ პერიოდში. ემაკიმონოებიდან მხოლოდ რამდენიმე შემორჩა უცვლელი სახით. იაპონიის ეროვნულ საგანძურდში დაცულია 20 ემაკიმონო.