From Wikipedia, the free encyclopedia
ელიზაბეთ ავსტრიელი (გერმ. Elisabeth von Österreich, პოლ. Elżbieta Rakuszanka; დ. 1436 — გ. 7 ივნისი, 1492) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. გერმანიის მეფე ალბრეხტ II-ისა და ელიზაბეთ ლუქსემბურგელის ასული. საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდ I ლუქსემბურგელის შვილიშვილი. მან თავისი ბავშვობა იმპერატორ ფრიდრიხ III-ის კარზე გაატარა, სადაც იგი პოლონეთის პრინცზე დაინიშნა. 1454-92 წლებში იყო პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი, როგორც კაზიმირ IV-ის მეუღლე. უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე ვლადისლავ II-ისა და პოლონეთ-ლიტვის სამი მონარქის: იან I-ის, ალექსანდრე I-ისა და სიგიზმუნდ I-ის დედა.
ელიზაბეთ ავსტრიელი | |
---|---|
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი | |
კორონაცია: | 10 მარტი, 1454, კრაკოვი |
მმართ. დასაწყისი: | 10 მარტი, 1454 |
მმართ. დასასრული: | 7 ივნისი, 1492 |
წინამორბედი: | სოფია ჰოლშანსკა |
მემკვიდრე: | ელენა მოსკოველი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1436 |
დაბ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 7 ივნისი, 1492, (68-69 წლის) |
გარდ. ადგილი: | კრაკოვი, პოლონეთი |
მეუღლე: | კაზიმირ IV, პოლონეთის მეფე |
შვილები: |
ვლადისლავ II, უნგრეთის მეფე ჰედვიგია, ბავარიის ჰერცოგინია წმინდა კაზიმირი იან I, პოლონეთის მეფე ალექსანდრე I, პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ I, პოლონეთის მეფე ანა, პომერანიის ჰერცოგინია ბარბარა, საქსონიის ჰერცოგინია სოფია, ბრანდენბურგ-ანსბახის ლანდგრაფინია |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ალბრეხტ II, გერმანიის მეფე |
დედა: | ელიზაბეთ ლუქსემბურგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ელიზაბეთ ავსტრიელი დაიბადა 1436 წელს ვენაში. იგი იყო გერმანიის მეფე ალბრეხტ II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელიზაბეთ ლუქსემბურგელის ასული. დედის მხრიდან მისი ბაბუა უნგრეთის ყოფილი მეფე სიგიზმუნდ I იყო. 1439 წელს ალბრეხტ ავსტრიელი გარდაიცვალა, რის შემდეგაც სულ სამ თვეში ელიზაბეთ ლუქსემბურგელმა ვაჟი გააჩინა, რომელსაც ვლადისლავი დაარქვეს და "მამის სიკვდილის შემდეგ დაბადებული" უწოდეს მეტსახელად. ჯერ კიდევ პატარა ელიზაბეთ ავსტრიელი სერიოზული პოლიტიკური დავის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მას შემდეგ რაც უნგრეთის ტახტზე ჩვილი ვლადისლავი ავიდა, რეგენტად დედამისი დაინიშნა. გერმანელთა გაბატონებით უნგრელები დიდად უკმაყოფილონი დარჩნენ, რის გამოც მათ დაამხეს ვლადისლავის მმართველობა და სამეფო ოჯახმა თავს ავსტრიაში გაქცევით უშველა.
უნგრელმა დიდგვაროვნებმა ტახტის დაკავება პოლონეთისა და ლიტვის მმართველ ვლადისლავ I-ს შესთავაზეს, რომელიც დიდი სიხარულით დასთანხმდა. მან მალევე ელიზაბეთ ლუქსემბურგელს პირობა მისცა, რომ მის ასულს, პრინცესა ელიზაბეთს თავის ძმაზე, პრინც კაზიმირზე დააქორწინებდა. საქორწინო კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში ელიზაბეთ ლუქსემბურგელი გარდაიცვალა. 1444 წელს გარდაიცვალა მეფე ვლადისლავ I-ც, რის გამოც ისარგებლეს თურქებმა და უნგრელები ვარნას ბრძლაში დაამარცხეს. უშვილო ვლადისლავის გარდაცვალების გამო, პოლონეთის, ლიტვისა და უნგრეთის ტახტზე მისი ძმა კაზიმირ IV ავიდა, რომელმაც 1454 წლის 10 მარტს ცოლად შეირთო ელიზაბეთ ავსტრიელი. ამავე დღეს შედგა მისი პოლონეთის დედოფლად კორონაცია.
მას შემდეგ, რაც მისი ძმა, ვლადისლავი გარდაიცვალა, უნგრეთის ტახტისათვის ბრძოლა წამოიწყო ელიზაბეთის უფროსმა დამ, ანა ავსტრიელმა. უნგრელი დიდგვაროვნები ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ ანას, რის გამოც უნგრეთის ტახტი კვლავ ელიზაბეთს დარჩა. მალე თავად უნგრეთში იფეთქა აჯანყებამ პოლონელების წინააღმდეგ და ტახტზე ადგილობრივი დიდგვაროვანი: მატიაშ ჰუნიადი ადის. ელიზაბეთი უნგრეთის ტახტისათვის ბრძოლას მაინც განაგრძობდა. ბედის განგება მის წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგანაც 1490 წელს მეფე მატიაში უშვილოდ აღესრულა, რითაც მან სასწრაფოდ ისარგებლა და უნგრეთის ტახტზე თავისი უფროსი ვაჟი ვლადისლავ II დასვა.
1492 წელს კაზიმირ IV გარდაიცვალა და ტახტზე მათი უფროსი ვაჟი იან I ადის, რომელიც სულ ცხრა წელიწადში უშვილოდ აღესრულა. ამის გამო ტახტზე მათი კიდევ ერთი ვაჟი, ალექსანდრე I ადის, რომელიც 1506 წელს ასევე უშვილოდ დაიღუპა, თუმცა ამას უკვე ელიზაბეთი ვეღარ მოესწრო, რადგან იგი 1505 წელს გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.