![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9b/EU_European_Neighbourhood_Policy_states.svg/langka-640px-EU_European_Neighbourhood_Policy_states.svg.png&w=640&q=50)
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ინგლ. European Neighbourhood Policy; ENP) — ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ინსტრუმენტი, რომლის მთავარი მიზანიც მისი საზღვრების სამხრეთითა და აღმოსავლეთით მდებარე 16 სახელმწიფოს მასთან დაახლოებაა, მათში დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გავრცელების გზით. ეს სახელმწიფოებია: აზერბაიჯანი, ალჟირი, ბელარუსი, ეგვიპტე, იორდანია, ისრაელი, ლიბანი, ლიბია, მაროკო, მოლდოვა, პალესტინა[1], საქართველო, სირია (რომლის მთავრობასთანაც მოლაპარაკებები შეჩერებულია), სომხეთი, ტუნისი და უკრაინა. ჩამოთვლილთა ნაწილი მიილტვის ევროკავშირის წევრობისკენ ან/და ცდილობს მჭიდრო ინტეგრაციას. სამეზობლო პოლიტიკა განსხვავდება ევროკავშირის პოტენციური წევრობისაგან და ამ ორი ცნების ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში, ევროკავშირი მეზობელ ქვეყნებს სთავაზობს დახმარებასა და თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმას. როგორც წესი, შიდა რეფორმათა სფეროები, რომლებშიც ევროკავშირი ამ ქვეყნებს ეხმარება მოიცავს: კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობას, უმცირესობათა უფლებებს, კარგ სამეზობლო ურთიერთობებს, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და მდგრად განვითარებას. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ხორციელდება სტრატეგიული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, რომელშიც ევროპული კომისია საზღვრავს იმ კონკრეტულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარამეტრებს, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9b/EU_European_Neighbourhood_Policy_states.svg/320px-EU_European_Neighbourhood_Policy_states.svg.png)