ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ედვარდ მუნკი (ნორვ. Edvard Munch; დ. 12 დეკემბერი, 1863, ლეტენი — გ. 23 იანვარი, 1944, ეკელი, ოსლოს მახლობლად) — ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი. დიდი გავლენა იქონია გერმანულ და ზოგადად ცენტრალური ევროპის ექსპრესიონიზმზე. მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „კივილი“, „ავადმყოფი ბავშვი“, „მადონა“, „ვამპირი“.
მუნკი აღიზარდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. მამამისი, ქრისტიან მუნკი - ისტორიკოს პეტერ ანდრეას მუნკის ძმა - იყო ღრმად მორწმუნე სამხედრო ექიმი მოკრძალებული შემოსავლით. 44 წლის ასაკში იქორწინა ვაჭრის ქალიშვილზე, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო და რომელიც 33 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ედვარდი ამ დროს 5 წლის იყო. თავად ედვარდსაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. მისი უფროსი და სოფიაც ტუბერკულოზის მსხვერპლი გახდა. ედვარდის უმცროსი და ლაურა კი „მელანქოლიის“ (დღეს დეპრესიის) გამო მკურნალობდა. 5 და-ძმისგან მხოლოდ ედვარდის ძმამ ანდრეასმა იქორწინა. იგი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „კივილი“, უფრო ზუსტად, ესაა მსგავსი ნახატების სერია. თავდაპირველად ტილოს „სასოწარკვეთილება“ ერქვა. ამ სურათზე გამოსახული საშინელების სახე, რომელსაც მუნკი მთელი ცხოვრება ჰქმნიდა, დღესდღეობით კონცეპტუალური ხელოვნების სიმბოლოა.
ოსლოში მდებარე ნაციონალური გალერეიდან 2004 წლის 22 აგვისტოს შეიარაღებულმა პირებმა მუნკის ორი ცნობილი ტილო „კივილი“ და „მადონა“ გაიტაცეს. 2006 წლის მაისში ძარცვაში სამ ბრალდებულს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის აგვისტოში პოლიციამ ნამუშევრების პოვნა მოახერხა. მთელი ეს პერიოდი ორივე ტილო დაზიანდა: ნახატებზე ნაკაწრები და სინესტე იქნა აღმოჩენილი; ტილოები ალაგ-ალაგ დაიხია კიდეც.
მუზეუმის წარმომადგენლის განცხადებით, „კივილის“ კუთხეში გაჩენილი ლაქის მოშორება შეუძლებელია, რადგან რესტავრატორებმა რაიმე შეუქცევადი სამუშაოს ჩატარება არ ისურვეს.
მუნკის პატივსაცემად მერკურიზე ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი ეწოდა.
ედვარდ მუნკის ყველაზე ცნობილი ნახატია „კივილი“, რომლის 4 ეგზემპლარია შექმნილი 1893 და 1910 წლებს შორის. ორი მათგანი შესრულებულია პასტელებით (1893 და 1895) ხოლო დანარჩენი ზეთის საღებავებში (1893 და 1910). თავდაპირველად ნახატის სახელწოდება იყო „სასოწარკვეთა“. საშინელებით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც გამოსახულია ამ სურათზე, გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ხასიათი მთელს ხელოვნებაში. კერძო კოლექციაში შემორჩენილია ნახატის მხოლოდ ერთი ვარიანტი (1895) პასტელებით შესრულებული ვერსია, რომელიც გაიყიდა 2012 წლის 2 მარტს Sotheby's აუქციონზე 119,9 მილიონ დოლარად, რის გამოც დაიკავა ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ექსპონატის სტატუსი, იმ ნამუშევრებს შორის, რომლებიც გაყიდულა ღია აუქციონზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.