From Wikipedia, the free encyclopedia
დონა თეო სტრიკლენდი (ინგლ. Donna Theo Strickland; დ. 27 მაისი, 1959, გველფი, ონტარიო, კანადა) — კანადელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (2018, არტურ ეშკინთან და ჟერარ მურუსთან ერთად). სტრიკლენდმა და მურუმ პრემია მიიღეს ჩირპირებული იმპულსების გაძლიერების (chirped pulse amplification, CPA) მეთოდის შექმნისთვის. ამ მეთოდით შესაძლებელია მაღალი ენერგიის მქონე მოკლე ლაზერის პულსების მიღება. მარი კიურის (1903) და მარი გეპერტ-მაიერის (1963) შემდეგ გახდა მესამე ქალი, რომელიც დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ფიზიკის დარგში.[13]
დონა სტრიკლენდი | |
---|---|
Donna Strickland | |
დონა სტრიკლენდი 2018 წელს | |
დაბ. თარიღი | 27 მაისი, 1959 |
დაბ. ადგილი | გველფი, ონტარიო, კანადა |
მოქალაქეობა | კანადა |
საქმიანობა | ფიზიკოსი[1] [2] [3] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | University of Waterloo[1] [2] [4] , National Research Council Canada[5] და Lawrence Livermore National Laboratory |
ალმა-მატერი | McMaster University[3] [2] , როჩესტერის უნივერსიტეტი[2] [6] [3] და Guelph Collegiate Vocational Institute |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიკაში[7] [4] [1] [2] [8] [3] , ოპტიკური საზოგადოების წევრი[3] , Sloan Fellowship[9] , 100 ქალი[10] , კანადის ორდენის კომპანიონი[11] და სამეფო საზოგადოების წევრი[12] |
საიტი | uwaterloo.ca/physics-astronomy/people-profiles/donna-strickland |
სამეცნიერო სფერო | ოპტიკური ფიზიკა |
დონა სტრიკლენდი დაიბადა 1959 წელს ქალაქ გველფში (ონტარიო, კანადა). მამა იყო ელექტროინჟინერი, დედა — ინგლისურის მასწავლებელი. დაამთავრა მაკმასტერის უნივერსიტეტის (ჰამილტონი, ონტარიო) საბაკალავრო პროგრამა საინჟინრო ფიზიკაში 1981 წელს, შემდეგ დოქტურანტურა ჟერარ მურუს ხელმძღვანელობით როჩესტერის უნივერსიტეტში (როჩესტერი, ნიუ იორკი, აშშ) 1989 წელს. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ოპტიკური ფიზიკის მიმართულებით. 1988 წლიდან 1991 წლამდე იყო კანადის ეროვნული კვლევითი საბჭოს ასოცირებული მკვლევარი, 1991 წლიდან 1992 წლამდე კი მუშაობდა ლივერმორის (კალიფორნია, აშშ) ეროვნული ლაბორატორიის ლაზერის განყოფილებაში. 1992 წლიდან 1997 წლამდე იყო პრინსტონის უნივერსიტეტის ფოტონიკისა და ოპტიკურ-ელექტრონული მასალების მაღალტექნოლოგიური ცენტრის ტექნიკური გუნდის წევრი. 1997 წლიდან მუშაობს ოპტიკური ფიზიკის მიმართულებით ვატერლოოს უნივერსიტეტში (ვატერლოო, ონტარიო), სადაც ჯერ ასოცირებული, შემდეგ კი სრული პროფესორის პოზიცია მიიღო. უკანასკნელ პოზიციაზე განაცხადი მხოლო ნობელის პრემიის მიღების შემდეგ შეიტანა.[13]
2018 წელს სტრიკლენდმა და ყოფილმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა ჟერარ მურუმ გაიყვეს ნობელის პრემია ფიზიკაში; პრემიის მეორე ნახევარი მიეკუთვნა არტურ ეშკინს ოპტიკური პინცეტის შექმნისთვის. კვლევა, რომლისთვისაც სტრიკლენდი და მურუ დაჯილდოვდნენ, 1985 წელს გამოქვეყნდა; ეს სტრიკლენდის პირველი სამეცნიერო პუბლიკაცია იყო. ორმა მეცნიერმა იპოვა გზა, რომ გადაელახათ ლაზერების განვითარებისთვის არსებული დაბრკოლება: ლაზერის მოკლე პულსის შემდგომი გაძლიერება ვერ ხერხდებოდა ლაზერული სისტემის დაზიანების გარეშე. სტრიკლენდმა და მურუმ შექმნეს ჩირპირებული იმპულსების გაძლიერების ტექნიკა, რომელიც ულტრამოკლე, მაღალი ინტენსივობის ლაზერული პულსების გენერირების საშუალებას იძლეოდა. ამან საფუძველი ჩაუყარა ახალი თაობის მძლავრი ლაზერული სისტემების შექმნას, რომელიც გამოიყენება მედიცინასა და მრეწველობაში.[13] 2019 წელს სტრიკლენდმა მიიღო კანადის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სახელმწიფო ჯილდო — კანადის ორდენი.[14]
დონა სტრიკლენდს ჰყავს მეუღლე, ელექტროინჟინერი დუგლას დიკაარი და ორი შვილი, რომელთაგან ქალიშვილმა ჰანამ აირჩია ასტროფიზიკოსის, ვაჟმა ადამმა კი სამსახიობო კარიერა. ეწინააღმდეგება მეცნიერებაში გენდერული როლების ხაზგასმას და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „საკუთარ თავს მივიჩნევ მეცნიერად და არა ქალად მეცნიერებაში“.[15]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.