![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0c/Ku%25C5%259Fadas%25C4%25B1_from_Milli_Park.jpg/640px-Ku%25C5%259Fadas%25C4%25B1_from_Milli_Park.jpg&w=640&q=50)
დილექის ნახევარკუნძულის-დიდი მენდერესის დელტის ეროვნული პარკი
ეროვნული პარკი თურქეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
დილექის ნახევარკუნძულის-დიდი მენდერესის დელტის ეროვნული პარკი (თურქ. Dilek Yarımadası-Büyük Menderes Deltası Millî Parkı) — 1966 წლის 19 მაისს დაარსებული ეროვნული პარკი დასავლეთ თურქეთში. თავისი საზღვრებით, პარკი შეიცავს მთლიანად დილექის ნახევარკუნძულს და მდინარე დიდი მენდერესის დელტის დიდ ნაწილს. პარკი მდებარეობს ეგეოსის რეგიონში, აიდინის პროვინციის ქუშადასის რაიონში. უშუალოდ ეროვნული პარკის დასავლეთით განლაგებულია პატარა სანაპირო ქალაქი გიუზელჩამლი, სადაც რამდენიმე ავტობუსი და ბორანი მოძრაობს ქუშადასის ცენტრსა და პარკს შორის, მანძილი კი დაახლოებით 30 კმ შეადგენს.[1][2]
დილექის ნახევარკუნძულის-დიდი მენდერესის დელტის ეროვნული პარკი
Dilek Yarımadası-Büyük Menderes Deltası Millî Parkı | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
ქუშადასის ხედი პარკიდან | |
მდებარეობა | ქუშადასი, აიდინი, თურქეთი |
ქვეყანა | ![]() |
უახლოესი ქალაქი | გიუზელჩამლი |
კოორდინატები | 37°40′08″ ჩ. გ. 27°09′42″ ა. გ. |
ფართობი | 27,598 ჰა |
დაარსდა | 19 მაისი 1966 |
მმართველი ორგანო | თურქეთის სატყეო და წყლის საქმეთა სამინისტრო |
ოფიციალური საიტი | dilekyarimadasi.com |
პარკი, თურქეთის ეროვნულ პარკებს შორის, ბიოლოგიურად ყველაზე მრავალფეროვანია. პარკი ადგილობრივი და მიგრაციული ფრინველების, ძუძუმწოვრების, მცენარეებისა და საზღვაო ცხოველების ასობით სახეობის ჰაბიტატია, რომელთაგან ზოგიერთი მარტო პარკისთვის ენდემურია და არ შეინიშნება მსოფლიოს სხვა ნაწილში.[3] ამ მიზეზების გამო, პარკი დაცულია მრავალრიცხოვანი ველური და ჭარბტენიანი კონვენციებით და ტერიტორია ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობისაა.[4]
პარკი გამოყოფილია საბერძნეთის კუნძულ სამოსისგან ძალიან ვიწრო სრუტით, რომელიც ცნობილია როგორც მიკალეს სრუტე. სრუტის სახელწოდება მომდინარეობს მიკალეს მთისგან, რომელიც ნახევრკუნძულის ყველაზე მაღალი და ყველაზე ცნობილი მთაა, ხოლო სრუტე ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო სრუტეა ეგეოსის ზღვაში.[5]