From Wikipedia, the free encyclopedia
დიალიზი — ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის ხელოვნურად მოშორება, მაშინ, როდესაც თირკმელები ამას ვერ ახერხებს.
ადამიანებს დიალიზი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება დასჭირდეთ, თუმცა ყველაზე ხშირად ეს თირკმელების უკმარისობაა. ექიმები მკურნალობის ამ მეთოდს ნიშნავენ, როდესაც შარდის გამოყოფა შემცირებულია ან ზოგი სპეციფიკური მდგომარეობა ვითარდება. თირკმელების მწვავე უკმარისობის დროს დიალიზი გრძელდება მანამ, სანამ სისხლის ანალიზით არ დადასტურდება, თირკმელების ფუნქცია აღდგენილია. თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მქონეთათვის ეს მეთოდი ხანგრძლივად ან დროებით გამოიყენება, სანამ თირკმელი გადაინერგება. ხანმოკლე ან გადაუდებელი დიალიზი შეიძლება მაშინ გახდეს საჭირო, როდესაც აუცილებელია რამე მედიკამენტის ან შხამის სასწრაფოდ მოცილება ორგანიზმიდან.
გრძელვადიანი დიალიზის დაწყების გადაწყვეტილება ადვილი მისაღებია არ არის, რადგან ეს ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებას გულისხმობს - ადამიანი ხომ აპარატებზე ხდება დამოკიდებული სიცოცხლის შესანარჩუნებლად. თუმცაღა, უმრავლესობისთვის ეფექტიანი დიალიზი სიცოცხლის დამაკმაყოფილებელ ხარისხს უზრუნველყოფს. ადამიანთა დიდი ნაწილი, ვისაც დიალიზი უტარდება, იკვებება შესაბამისი საკვებით, მათ არტერიული წნევა ნორმაში აქვთ, თავიდან იცილებენ ნერვების დაზიანებას, ანემიასა და სხვა გართულებებს.
დიალიზის ჩასატარებლად სპეციალისტთა გუნდია საჭირო. ექიმი ნიშნავს მკურნალობის ამ მეთოდს, მართავს გართულებებს და უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას. ექთანი აკვირდება ადამიანის ზოგად მდგომარეობას, გონებრივ ჯანმრთელობას და ინფორმაციას აწვდის მას დიალიზზე, იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
დიალიზის ორი სახე არსებობს: ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი.
ჰემოდიალიზის დროს სისხლი სხეულიდან გამოედინება და სპეციალური მექანიზმებით დიალიზატორში, ანუ ხელოვნურ თირკმელში იტუმბება. დიალიზატორი ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისგან წმენდს სისხლის და უკან აბრუნებს ორგანიზმში. დაბრუნებული სითხის რაოდენობა, საჭიროების მიხედვით, შეიძლება შეიცვალოს. ჰემოდიალიზის ჩასატარებლად ხშირად აუცილებელია წვდომა სისხლის ნაკადზე. ექიმები ამას ახერხებენ დროებით მსხვილი ინტრავენური კათეტერის შეყვანით დიდ ვენაში, როგორც წესი კისერზე. გრძელვადიანი წვდომა უფრო ადვილდება არტერიასა და ვენას შორის ხელოვნური კავშირის, არტერიოვენური ფისტულის ქირურგიული გზის შექმნით. ამ პროცედურის დროს, როგორც წესი, მკლავზე სხივის არტერია იდაყვის წინ ვენას უერთდება. ამის შემდეგ ვენა ზომაში მატულობს, მასში სისხლის ნაკადიც მეტია და ის ნემსით განმეორებითი ჩხვლეტებისთვის გამოდგება. როდესაც ფისტულის შექმნა ვერ ხერხდება, სისხლძარღვები შეიძლება ქირურგიულად დაკავშირდეს ერთმანეთთან ხელოვნური ქსოვილით. ამ შემთხვევაში დიალიზისთვის ჩხვლეტა სწორედ ამ დამაკავშირებელ ქსოვილში ხდება. ჰემოდიალიზის დროს ადამიანს სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტი - ჰეპარინი - ეძლევა, რათა სისხლი დიალიზატორში არ შედედდეს. ამ აპარატში სისხლი ხელოვნური, ფორებიანი მემბრანითაა გაომოყოფილი სპეციალური სითხისგან (დიალიზატი). სისხლის უჯრედსა და დიდ ცილებს არ შეუძლიათ ამ ფორმებში გაწმენდის შემდეგ ორგანიზმს უბრუნდება.
დიალიზატორები სხვადასხვა სიდიდის და ეფექტურობისაა. თავად პროცედურა დაახლოებით 3-4 საათს გრძელდება. თირკმელის ქრონიკული უკმარისობის მქონე ადამიანთა უმრავლესობას მისი ჩატარება კვირაში სამჯერ სჭირდება.
პერიტონიული დიალიზის დროს ფილტრის როლს ასრულებს პერიტონეუმი, ქსოვილი, რომელიც მუცლის ღრუს ამოჰფენს და მის ორგანოებს ფარავს. მას დიდი ზედაპირი და სისხლძარღვთა უხვი ქსელი აქვს. ნივთიერებები ადვილად გააღწევენ სისხლიდან მუცლის ღრუში პერიტონიუმის გავლით. სპეციალური სითხე (დიალიზატი) კათეტერით მუცლის კედლის გავლით პერიტონეულ სივრცეში შეყავთ. ის იქ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში უნდა დარჩეს, რათა მასში სისხლიდან ნარჩენები ნივთიერებები ნელ-ნელა გადავიდეს. შემდეგ დიალიზატის მუცლის ღრუდან იღებენ და ახალი სითხით ჩაანაცვლებენ.
პროცედურისას სითხე თანაბრად მიედინება რბილი სილიკონის ან ფოროვანი პოლიურეთანის კათეტერში, რომელიც ქსოვილების დაზიანებას არ იწვევს. ეს მილი შეიძლება დროებით ჩაიდგას ან მუდმივად — ქირურგიული წესით. კათეტერის ერთ-ერთი ტიპი დროთა განმავლობაში კანს უხორცდება და როდესაც არ გამოიყენება შეიძლება თავსახური დაეფაროს.
პერიტონეული დიალიზის ჩატარების სხვადასხვა მეთოდები არსებობს:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.