![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d5/Galactomannan.png/640px-Galactomannan.png&w=640&q=50)
გალაქტომანანები
From Wikipedia, the free encyclopedia
გალაქტომანანები — მანოზისა და გალაქტოზის ნაშთებისგან შემდგარი პოლისაქარიდები. გვხვდება პარკოსანთა ოჯახის მცენარეთა თესლებში (ასრულებენ ენდოსპერმის სათადარიგო ნივთიერების ფუნქციას) და სოკოებში; ყველაზე მეტად ცნობილია პარკოსანთა გალაქტომანანები („პარკოსანთა გუმფისები“). გუარისა (Cyamopsis tetragonoloba) და კერატის (Ceratonia siliqua) გალაქტომანანებს, რომლებსაც შესაბამისად „გუარანი“ და „კარობი“ ეწოდებათ, იღებენ სამრეწველო მასშტაბებით. მათ მოლეკულებს საფუძვლად უდევს β-D-მანოპირანოზის 1,4-ბმიანი ნაშთების ხაზური ჯაჭვები; ამ ნაშთთა ნაწილი (დაახლ. 50% გუარანში და დაახლ. 25% კარობში) მეექვსე პოზიციაში ჩანაცვლებულია α-D-გალაქტოპირანოზის ცალკეული ნაშთებით; პოლიმერული ჯაჭვის გასწვრივ ჩამნაცვლებელთა განაწილება არათანაბარია. პარკოსანთა გალაქტომანანები წარმოქმნიან ბლანტ წყალხსნარს, რომელიც გამოიყენება კოსმეტიკის წარმოებაში, კვებისა და სამედიცინო მრეწველობაში (ემულსიისა და სუსპენზიის სტაბილიზატორად); ქიმიურად უფრო მდგრად ნახევრად სინთეტიკურ წარმოებულებს (მაგ., ჰიდროქსიპროპილგუარანი) იყენებენ ნავთობის მოპოვების დროს.[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d5/Galactomannan.png/640px-Galactomannan.png)