გაეროს ბავშვთა ფონდი
From Wikipedia, the free encyclopedia
გაეროს ბავშვთა ფონდი (ინგლ. United Nations Children’s Fund, UNICEF) — გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წელს შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაცია. მოქმედებს გაეროს ეგიდით. ჩამოყალიბდა, როგორც დროებითი ორგანიზაცია ომით განადგურებული ევროპის ქვეყნების ბავშვებისათვის დახმარების გაწევის მიზნით. ფონდის დაფინანსების წყაროებია სახელმწიფოთა მთავრობების ყოველწლიური შენატანები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო პირების შემოწირულობები, აგრეთვე შემოსავლები, რომელსაც იგი იღებს ბეჭდვითი პროდუქციის გაყიდვით. 2015 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის შემოსავლების მთლიანმა რაოდენობამ შეადგინა 5 009 557 471 აშშ დოლარი. მთავრობები უზრუნველყოფენ ორგანიზაციის საჭიროებების ორ მესამედს. კერძო ჯგუფები და პირები უზრუნველყოფენ დარჩენილ ნაწილს ეროვნული კომიტეტების დახმარებით. გაეროს ბავშვთა ფონდის შემოსავლების დაახლოებით 92 პროცენტი გამოყოფილია პროგრამულ მომსახურებებზე. გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამები ყურადღებას ამახვილებს თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარებაზე, ბავშვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის აქტივობები მოიცავს: იმუნიზაციას, დაავადებათა პრევენციას, ჩვილთა და დედათა მკურნალობას იმუნოდეფიციტური ვირუსის წინააღმდეგ, ჩვილ ბავშვთა მზრუნველობას, სანიტარული პირობების გაუმჯობესებას, განათლების ხელშეწყობასა და საგანგებო სიტუაციებში ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი United Nations Children's Emergency Fund | |
---|---|
ორგანიზაციის ტიპი | ფონდი |
შემოკლებით | unicef (იუნისეფი) |
თავმჯდომარე | ჰენრიეტა ფორე |
სტატუსი | აქტიური |
დაარსებულია | დეკემბერი 1946 |
ვებ-საიტი | UNICEF official site |
პარტნიორი ორგანიზაცია | ECOSOC |
1950 წლიდან დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებს განვითარებად ქვეყნებში. 1953 წელს გახდა გაეროს ერთ-ერთი ორგანო. 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით 27 მილიონი ბავშვი დაიბადა, 65,5 მილიონ ბავშვს ჩაუტარდა პენტავალენტური ვაქცინაცია, ორგანიზაციამ აგრეთვე უზრუნველყო 12 მილიონი ბავშვისთვის განათლების მიწოდება, უმკურნალა 4 მილიონ ბავშვს კვებასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემებით და გამოეხმაურა 90 სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ 285 ჰუმანიტარულ საგანგებო სიტუაციას. გაეროს ბავშვთა ფონდს 1965 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია, 1989 წელს ინდირა განდის პრემია, ხოლო 2006 წელს ასტურიის პრინცის პრემია. გაეროს ბავშვთა ფონდის მანდატი ეფუძნება 1989 წელს მიღებულ, „ბავშვის უფლებათა კონვენციას“, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ბავშვის უნივერსალურ, განუყოფელ უფლებებს და მდგრადი განვითარების მიზნებს, რომლებიც მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერებმა 2015 წელს მიიღეს და ყველა ქვეყანას ეხება.
გაეროს ბავშვთა ფონდის მუშაობის უმეტესობა ხორციელდება ადგილობრივად 192 ქვეყანაში და ტერიტორიაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის ქსელი მოიცავს 150-ზე მეტ ფილიალს, შტაბ-ბინასა და სხვა განყოფილებებს სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე 34 ეროვნულ კომიტეტს, რომლებიც ახორციელებენ გაეროს ბავშვთა ფონდის მისიას, მასპინძელ მთავრობებთან ერთად შემუშავებული პროგრამების საშუალებით. შვიდი რეგიონალური ოფისი საჭიროებისამებრ ტექნიკურ დახმარებას უწევს სხვადასხვა ქვეყნის ოფისებს. მისი სათაო ოფისი ამერიკის დედაქალაქ ნიუ-იორკში მდებარეობს.
გაეროს ბავშვთა ფონდის მომარაგების ოფისი მდებარეობს კოპენჰაგენში და ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი საგნების განაწილების ძირითად პუნქტებს, როგორიცაა ვაქცინების მიწოდება, ანტივირუსული მედიკამენტები შიდსით დაავადებული ბავშვებისა და დედებისათვის, საკვები დანამატების, გადაუდებელი დახმარების თავშესაფრებისა და სასწავლო მასალების შეძენა
ორგანიზაციის მმართველობით ორგანოს წარმოადგენს აღმასრულებელი საბჭო, რომელიც შედგება 36 წევრისგან. აღნიშნული საბჭო უფლებამოსილია შეიმუშავოს ზოგადი პოლიტიკა, განიხილოს და დაამტკიცოს სხვადასხვა პროგრამები, ზედამხედველობა გაუწიოს ადმინისტრაციულ და ფინანსურ გეგმებს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ არჩეული ორგანიზაციის წევრი, სახელმწიფოს მთავრობების წარმომადგენლები, როგორც წესი, სამწლიანი ვადით.