![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d1/Carlo_Crivelli_007.jpg/640px-Carlo_Crivelli_007.jpg&w=640&q=50)
ბუნებითი სამართალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბუნებითი სამართალი[1] (ლათ. ius naturale, lex naturalis) წარმოადგენს სამართლებრივ სისტემას, რომლის ლეგიტიმაციაც მომდინარეობს ადამიანის ბუნებაზე დაკვირვებით და ეფუძვნება ადამიანის ბუნებითად თანდაყოლილ ღირებულებებს, რომლებიც შესაძლოა განიმარტონ პოზიტიური სამართლისგან დამოუკიდებლად (სახელმწიფოსა ან საზოგადოების დადგენილი კანონებისგან დამოუკიდებლად).[2] ბუნებითი სამართლის თეორიიდან გამომდინარე, ყოველ ადამიანს გააჩნია ბუნებითად მინიჭებული უფლებები, რომლებიც ლეგიტიმურია არა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, არამედ მომდინარეობენ „ღმერთიდან, ბუნებიდან, ან არსიდან“.[3] ბუნებითი სამართლის თეორია ასევე შესაძლებელია წილნაყარი იყოს „რელიგიური მორალურობის, ეთიკურ, პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ სამართლის თეორიებთან“.[4]
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d1/Carlo_Crivelli_007.jpg/640px-Carlo_Crivelli_007.jpg)
ბუნებითი სამართალი სათავეს იღებს დასავლურ ფილოსოფიაში. დასავლურ ტრადიციაში პრე-სოკრატელები იყვნენ პირველები, რომელთა ძიებაც მიმართული იყო ბუნებიდან ან კოსმოსიდან მომდინარე პრინციპებისკენ, თუმცა ბუნებითმა სამართალმა ძველ ბერძნული ფილოსოფიაში, სრული სახე მიიღო არისტოტელესთან,[5] ხოლო რომაულ ფილოსოფიაში განვითარება ჰპოვა ციცერონთან. ბუნებით სამართალზე რეფერენსებს ვხვდებით, როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში, რომლებიც შემდგომ შუა საუკუნეებში განიმარტა ქრისტიანი ფილოსოფოსების მიერ, როგორებიც იყვნენ ალბერტ დიდი და თომა აკვინელი, ასევე რენესანსის პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სალამანკას სკოლამ.
თანამედროვე ბუნებითი სამართლის თეორიები მნიშვნელოვნად განვითარდნენ განმანათლებლობის პერიოდში, როდესაც ისინი შეერწყნენ რომაული სამართლის ფილოსოფიის ნიადაგზე აღმოცენებულ თეორიებს, ასეთ მაგალითს წარმოადგენს სოციალური კონტრაქტის თეორია. ბუნებითი სამართლის თეორიებს კი შემდგომ იყენებდნენ მეფის ღვთიური ლეგიტიმაციის დასაგმობად, სოციალური კონტრაქტის, პოზიტიური სამართლის, ხელისუფლების ხელახალი განმარტებისთვისა და კანონიერი უფლებების რესპუბლიკანიზმის სახით დასაკმვიდრებლად. XXI საუკუნის დასაწყისში ბუნებითი სამართლის ცნება მჭიდრო კავშირშია ბუნებითი უფლებების კონცეფციასთან. მართლაც მრავალი ფილოსოფოსი, სამართალ მცოდნე თუ მეცნიერი იყენებს ბუნებით სამართალს ბუნებითი კანონების (ლათ. ius naturale) თუ ბუნებითი სამართლიანობის[6] სინონიმად, ასევე მრავალი განასხვავებს ერთმანეთისგან ამ ორ ცნებას.[7]
ბუნებით სამართალსა და ბუნებით კანონებს შორის თანაკვეთის გამო, ბუნებითი სამართალი წარმოადგენს აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1776) , საფრანგეთის ადამიანის უფლებათა და მოქალაქეთა დეკლარაციის (1789), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციისა (1948) და ევროპის საბჭოს ადამაიანის უფლებათა ევროპის კონვენციის (1953) უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.