ბორატი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“[კომ. 1] ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე.[4] ბარონ კოენის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნოს“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს).[5]
![]() |
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბორატი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბორატი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
![]() |
ტერმინს „ბორატი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბორატ საგდიევი (პერსონაჟი). |
„ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | ლარი ჩარლზი |
პროდიუსერი |
საშა ბარონ კოენი ჯეი როუჩი |
სცენარის ავტორი |
საშა ბარონ კოენი ენტონი ჰაინზი პიტერ ბეინემი დენ მეიზერი |
ნაწარმოები |
საშა ბარონ კოენი ენტონი ჰაინზი პიტერ ბეინემი ტოდ ფილიპსი |
როლებში |
საშა ბარონ კოენი კენ დავიტიანი ლუნელ კემპბელი პამელა ანდერსონი |
მუსიკა | ირენ ბარონ კოენი |
ოპერატორი |
ლუკ გაისბიულერი ენტონი ჰარდუიკი |
მონტაჟი |
კრეიგ ელპერტი პიტერ ტეშნერი ჯეიმზ თომასი |
სტუდია | 20th Century Fox |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 84 წთ.[1] |
ქვეყანა |
აშშ[2] გაერთიანებული სამეფო |
ენა |
ინგლისური სომხური ებრაული |
ბიუჯეტი | 18 მილიონი აშშ დოლარი[3] |
შემოსავალი | 261 572 744 აშშ დოლარი[3] |
ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა.[6] ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში.
ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს),[7] ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ.[8] „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.
2020 წლის სექტემბერში დადასტურდა, რომ ბორატის გაგრძელება — „ბორატი: შემდგომი კინოფილმი“ საიდუმლოდ იყო გადაღებული და მზად იყო პრემიერისთვის. 2020 წლის 23 ოქტომბერს ფილმი გამოვიდა ვიდეოჰოსტინგ Amazon Prime-ზე.[9]