From Wikipedia, the free encyclopedia
ბონა ლუქსემბურგელი (გერმ. Jutta von Luxembuerg; ფრანგ. Bonne de Luxembourg; დ. 20 მაისი, 1315, პრაღა, ბოჰემია — გ. 11 სექტემბერი, 1349, მობისონი, საფრანგეთი), აგრეთვე ცნობილი როგორც იუტა ლუქსემბურგელი, ან ბონა ბოჰემიელი — ლუქსემბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ბოჰემიის მეფე იოჰან დაბრმავებულისა და მისი ცოლის, დედოფალ ელიზაბეთ ბოჰემიელის მეორე ქალიშვილი. იყო საფრანგეთის მომავალი მეფე ჟან II კეთილის პირველი მეუღლე, თუმცა იგი ჟანის გამეფებამდე სულ ერთი წლით ადრე დაიღუპა. მათი ათი შვილიდან აღსანიშნავნი არიან საფრანგეთის მეფე შარლ V ბრძენი, ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპ II მამაცი და ნავარის დედოფალი ჟანა ფრანგი.
ბონა ლუქსემბურგელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 მაისი, 1315 პრაღა, ბოჰემია |
გარდაცვალების თარიღი |
11 სექტემბერი, 1349, (34 წლის) მობისონი, საფრანგეთი |
წოდება | ნორმანდიის ჰერცოგინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ჟან II, საფრანგეთის მეფე |
შვილ(ებ)ი | 10 შვილი |
მშობლები |
მამა: იოჰანი, ბოჰემიის მეფე დედა: ელიზაბეთ ბოჰემიელი |
ბონა დაიბადა 1315 წლის 20 მაისს, საღვთო რომის იმპერიისა და ბოჰემიის დედაქალაქ პრაღაში. იგი იყო ბოჰემიის მეფე იოჰან დაბრმავებულისა და მისი ცოლის, დედოფალ ელიზაბეთ ბოჰემიელის მეორე ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ VII-ის შვილიშვილი იყო.
1326 წელს ბონა დანიშნეს ბარის გრაფ ანრი ბარელზე, თუმცაღა სასიძომ მალევე ჩაშალა ნიშნობა, რის შემდეგაც ბონა წმინდა ესპრიტის სააბატოში გააგზავნეს, სადაც მან გაიცნო და შეუყვარდა საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის უფროსი ვაჟი, ნორმანდიის ჰერცოგი ჟან დე ვალუა, რომელზეც მან 1332 წელს იქორწინა კიდეც.
მათი ქორწინება 1332 წლის 28 ივლისს შედგა ნოტრ-დამის კათედრალში. პატარძალი ამ დროს 17 წლის იყო, ხოლო სასიძო 13-ის. მისი მანამდელი სახელი იუტა, რასაც გერმანელები ეძახდნენ ფრანგებმა ბონად გადააკეთეს და ისტორიაშიც სწორედ ამ სახელითაა ცნობილი (ვინაიდან გერმანულად იუტა კეთილს ნიშნავს, მისი ფრანგული ანალოგი კი ბონაა). როგორც საფრანგეთის მეფის უფროსი ვაჟის ცოლი, ბონა უკვე საფრანგეთის მომავალი დედოფალი იყო და შესაბამისადაც ატარებდა ნორმანდიის, აკვიტანიის, ანჟუსა და მაინის ჰერცოგინიის წოდებას. მათი ქორწილი იმით გახდა ცნობილი, რომ მას 6 000 სტუმარი ესწრებოდა, ხოლო საზეიმო ღონისძიებები ორი თვის მანძილზე გრძელდებოდა. თუმცაღა ჟანი ქორწინებიდან მალევე კვლავ პოლიტიკას დაუბრუნდა. იგი ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ დახმარების სათხოვნელად. ჟანი ბონასთან ერთად ეწვია ბოჰემიას, ნავარას, ბურგუნდიას, ლოთარინგიასა და ბრაბანტსაც კი.
ბონა საფრანგეთში ხელოვნების პატრონაჟად გვევლინება. იგი იყო იმ დროის უამრავი გამოჩენილი ხელოვანის უდიდესი თაყვანისმცემელი და მფარველი.
იგი გარდაიცვალა 1349 წლის 11 სექტემბერს ბურბონული შავი ჭირისგან. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ჟანი საფრანგეთის მეფე ჟან II გახდა, დაქვრივებიდან ექვს თვეში კი ჟანი მეორედ დაქორწინდა ჟანა ოვერნელზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.