ბლოკი (ფილატელია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ბლოკი (ფილატელია) ანუ მინიატურული ფურცელი — საფოსტო მარკის გამოცემის სპეციალური ფორმა. ფართო ფურცელზე დაბეჭდილია ნახატი, რომლის სიუჟეტურ ნაწილს შეადგენს საფოსტო მარკა, რომელიც გამოკვეთილია პერფორაციული ჩარჩოთი. ბლოკი წარმოადგენს ფილატელიურ სუვენირს, მაგრამ სუვენირული ფურცლისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც საფოსტო საგადასახდო საშუალება და როგორც საკოლექციო ერთეული.
ბლოკი იბეჭდება მნიშვნელოვანი მოვლენის ან დიდი პიროვენებების საიუბილეოდ. მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ბლოკი მართკუთხა ფურცელია, იგი შედგება უშუალოდ მარკისაგან და ველებისაგან, რომელიც მარკის გარშემო არსებული სივრცეა. ერთ ბლოკში შეიძლება ჩაბეჭდილი იყოს ერთი ან მეტი მარკა, თავისი ნომინალების მითითებით, მაგრამ ყველა მარკა გაერთიანებულია ერთ მხატვულ სიუჟეტში. ცალკეული მარკა გამოყოფილია პერფორაციით. ველებზე შეიძლება განთავსებული იყოს სპეციალური ტექსტი. ბლოკს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ველები და მხოლოდ საერთო თემისა და სიუჟეტის მარკების გადაბმა იყოს. ბლოკის დაშლა მარკებად არ შეიძლება, იგი ერთ მთლიანობად გამოდის და გაიყიდება. ფილატელისტებს იგი შეუძლიათ შეიძინონ ფრანკირებული ან სუფთა.
ფილატელიტურ კატალოგებში ბლოკის აღმნიშვნელი ტერმინებია: ინგლ. Miniature sheet; რუს. Почтовый блок, памятный блок; გერმ. Briefmarkenblock. არსებობს სპეციალური კატალოგი ბლოკებისათვის.