ბიდარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიდარი (ინგლ. Bidar) ― ქალაქი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კარნატაკის შტატში. ბიდარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ესაზღვრება მაჰარაშტრასა და ტელანგანას. ბიდარი სწრაფად ურბანიზებადი ქალაქია და უფრო ფართო ბიდარის მეტროპოლიური ტერიტორიის შემადგენლობაში შედის. ქალაქი ცნობილია არქიტექტურული, ისტორიული და რელიგიური ძეგლებით. ქალაქის მოსახლეობა 200 000-ს აჭარბებს და მისთვის მუნიციპალური კორპორაციის სტატუსი მინიჭებაა მოსალოდნელი.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ბიდარი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 17°54′00″ ჩ. გ. 77°33′00″ ა. გ. |
ფართობი | 43 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 614 მეტრი |
მოსახლეობა | 172 298 (2001) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 8482 |
საფოსტო ინდექსი | 585401 |
ოფიციალური საიტი | http://www.bidar.nic.in/ |
ბიდარი შტატის დედაქალაქ ბენგალურუდან 744 კმ-ითაა დაშორებული, რის გამოც შტატის მთავრობა დიდი ხნის მანძილზე სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა ქალაქი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით და ინდოეთის არქეოლოგიურ რუკაზე გამორჩეული ადგილი უკავია.ქალაქში, დეკანის ზეგანზე მდებარეობს ბიდარის ფორტი, რომელიც 500 წლისაა და კარგადაა შემონახული.[1] არქეოლოგიის, მუზუმებისა და მემკვიდრეობის განყოფილების მიერ გამოცემული წიგნის, „ბიდარის კულტურული მემკვიდრეობა“, დეპარტამენტის მიერ სიაში შეტანილი 61 ძეგლიდან 30 სამარხია, რომლებიც ქალაქში ან მის ირგვლივ მდებარეობს.[2] სწორედ ამიტომ ბიდარს „მოჩურჩულე ძეგლების ქალაქადაც“ მოიხსენიებენ. ბიდარში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლის გამო, ბოლო წლებში ქალაქს უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ბოლივუდური ფილმების გადასაღებად.[3]
ინდოეთის საჰაერო სამხედრო ძალების მეორე უდიდესი საწვრთნელი ცენტრი ბიდარში მდებარეობს. ბიდარი ცნობილია ბიდრის ხელნაკეთი პროდუქციითა და მისი მდიდარი ისტორიით. იგი სიქიზმის ერთ-ერთი წმინდა ადგილადაა მიჩნეული. რეგიონის სხვა ადგილებისგან განსხვავებით, ბიდარი ჩრდილოეთ კარნატაკის ყველაზე ცივი და ნალექიანი ადგილია. 2009-2010 კალენდარ წელს ბიდარი ინდოეთის მასშტაბით 22-ე და შტატის მასშტაბით მე-5 ყველაზე სუფთა ქალაქად დაასახელეს.[4]