ბანგსამორო
ფილიპინების რეგიონი / From Wikipedia, the free encyclopedia
ბანგსამორო, ოფიციალურად ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში (არაბ. منطقة بانجسامورو ذاتية الحكم Munṭiqah banjisāmūrū dhātiyyah al-ḥukm) — ავტონომიური რეგიონი სამხრეთ ფილიპინებში.
ბანგსამორო | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | კოტაბატო (ქალაქი) | ||
შიდა დაყოფა | ბასილანი, სამხრეთი ლანაო, ტავი-ტავი, კოტაბატო (ქალაქი), Maguindanao del Norte, სულუ (პროვინცია), Special Geographic Area და Maguindanao del Sur | ||
კოორდინატები | 7°13′00″ ჩ. გ. 124°15′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Murad Ebrahim | ||
დაარსდა | 21 იანვარი, 2019 | ||
ფართობი | 12711.79 კმ² | ||
მოსახლეობა | 4 944 800 (1 მაისი, 2020)[2] | ||
ოფიციალური საიტი | http://bangsamoro.gov.ph/ | ||
|
ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში შეიქმნა მუსლიმური მინდანაოს ავტონომიური რეგიონის ძირითადი კანონის, ბანგსამოროს ორგანული კანონის შესაბამისად, 2019 წლის 21 იანვარსა და 6 თებერვალს ჩატარებული ბანგსამოროს ავტონომიის პლებისციტის საფუძველზე. რატიფიკაცია რამდენიმე დღის შემდეგ, 25 იანვარს საარჩევნო კომისიამ მოახდინა.
ბანგსამოროს დაარსება ფილიპინების მთავრობასა და ავტონომიურ ჯგუფებს შორის რამდენიმე წლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგი იყო. ავტონომიურ ჯგუფთაგან განსაკუთრებით მოროს ისლამური განთავისუფლების ფრონტი აქტიურობდა, რომელიც მუსლიმური მინდანაოს ავტონომიური რეგიონის ვალიდურობას უარყოფდა და ისეთი რეგიონის შექმნას მოითხოვდა, რომელსაც ეროვნული ხელისუფლებისგან უფრო მეტი ძალაუფლება ექნებოდა. ჩარჩო შეთანხმება, რომელიც ცნობილია როგორც სრული შეთანხმება ბანგსამოროს შესახებ, ბენინიო აკინოს მთავრობასა და მოროს ისლამური განთავისუფლების ფრონტს შორის 2014 წელს დაიდო. მოლაპარაკებებისა და დებატების შემდეგ ფილიპინების კონგრესმა შეიმუშავა ძირითადი კანონი, რომელსაც ამჟამად ბანგსამოროს ორგანულ კანონს უწოდებენ. 2018 წლის 26 ივლისს კანონსპროექტს პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა, რადგანაც საპრეზიდენტო სისტემის მქონე ფილიპინებში ბანგსამოროს საპარლამენტო სისტემა ექნებოდა, ორგანული კანონის საწინააღმდეგოს იურიდიული ზომები არ მიუღიათ და შედეგად საარჩევნო კომისიამ ორნაწილიანი პლებისციტი გამართა: პირველი პლებისციტის დროს მუსლიმური მინდანაოს ავტონომიური რეგიონის მოქალაქეებს უნდა გადაეწყვიტათ, რომ რეგიონი გაუქმებულიყო და მაშინვე შეცვლილიყო ბანგსამოროთი, [3][4][5] ხოლო მეორე პლებისციტით ლანაო-დელ-ნორტისა და კოტაბატოს პროვინციების მუნიციპალიტეტებსა და ბარანგაიებში უნდა ჩატარებულიყო ბანგსამოროს რეგიონთან მიერთების საკითხზე. [6][7][8][9] პლებისციტის მეორე ნაწილის მიხედვით, კოტაბატოს პროვინციის 63-მა ბარანგაიმ ავტონომიურ რეგიონთან მიერთებას დაუჭირა მხარი.[10][6]
ბანგსამორო ფილიპინების ერთადერთი ავტონომიური რეგიონია, სადაც მუსლიმი უმრავლესობაა.[11] ბანგსამოროს რეგიონი ფილიპინების საკონსტიტუციო რეფორმასა და ფედერალიზმთან დაკავშირებული უფრო ფართო დებატების სატესტო საფუძვლად მიიჩნევა.