აღწერა სამეფოსა საქართველოსა
From Wikipedia, the free encyclopedia
„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ — ვახუშტი ბატონიშვილის თხზულება. სრული სათაურია „აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი“. წერა დაასრულა 1745 წლის 20 ოქტომბერს მოსკოვში. თხზულება აღწერს საქართველოს გეოგრაფიას, კუთხეებს, მათ ზნე–ჩვეულებებს და მოგვითხრობს საქართველოს გაბმულ ისტორიას უძველესი დროიდან („დასაბამიდან“, „ქვეყნის შექმნიდან“) XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.
ვახუშტის ნაშრომი შედგება ორი განყოფილებისაგან. ამათგან ერთია საქართველოს ისტორია სამეფოს განხეთქილებამდე და მეორეა ისტორია და გეოგრაფია საქართველოს სამეფოთა და სამთავროთა განხეთქილებიდან (1469 წლიდან) XVIII საუკუნის პირველ ნახევრის დასასრულამდე.
ვახუშტის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა.
რამდენიმე პირველი გამოცემა რომელთაც თავს იდვეს ვახუშტი ბატონიშვილის ამ დიდი ნაშრომის გამოქვეყნება არ იყო სრული. ის გამოიცა ნაწილ-ნაწილ ოღონდაც კვინკლოსის გარდა. მისი შრომის გამავრცელებლები იყვნენ ბროსე, ჩუბინაშვილი და ბაქრაძე.
მარი ბროსემ ფრანგული თარგმანით დაბეჭდა ვახუშტის გეოგრაფია, მაგრამ ვახუშტის ისტორიის წინასიტყვაობა ჩაურთო ქართლის ცხოვრებას.
პირველი ნაწილი ვახუშტის ისტორიისა დაბეჭდა ბაქრაძემ სათაურით: „ვახუშტი, საქართველოს ისტორია, განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არქეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ნაწილი პირველი“. ამ წიგნში ბაქრაძემ დაბეჭდა ვახუშტის წინასიტყვაობაც, ოღონდ პიველი მეოთხედის გამოკლებით.
მეორე ნაწილი ისტორიისა ქორონიკონებითურთ ჩუბინაშვილს მოუთავსებია ქართლის ცხოვრების მეორე ნაწილის დასაწყისში.
მარი ბროსეს Description-ში სრული მაგრამ ქვეთავების არეული თანმიმდევრობით აქვს წარმოდგენილი აღნიშნული შრომა.