![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0a/Alexander_Javakhishvili.jpg/640px-Alexander_Javakhishvili.jpg&w=640&q=50)
ალექსანდრე ჯავახიშვილი
ქართველი გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე / From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი (დ. 17 აგვისტო, 1875 ― გ. 22 იანვარი, 1973) — ქართველი გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1920), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944).[2] საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1956), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924–40), პრეზიდენტი (1940–70), საპატიო პრეზიდენტი (1970 წლიდან). კითხულობდა ლექციებს საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტსა (1918–21) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1920–73), ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1936–38), გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1943–49), ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუში (1933–36) და ბაქოს პედაგოგიურ ინსტიტუტში (1934–36). ალექსანდრე ჯავახიშვილი იყო საქართველოს ცენტრალური პედაგოგიური მუზეუმის (1918–22), საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტის (1926–32), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გეოგრაფიის ინსტიტუტის (1933–38), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის (1945–62) დირექტორი. მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტი (1926, იარსება 1933 წლამდე), გეოგრაფიის ინსტიტუტი (1933), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი (1945), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება (1924).[3]
![]() |
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ალექსანდრე ჯავახიშვილი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ალექსანდრე ჯავახიშვილი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე ჯავახიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ალექსანდრე ჯავახიშვილი | |
---|---|
![]() ალექსანდრე ჯავახიშვილი (1875–1973) | |
დაბ. თარიღი | 5 (17) აგვისტო, 1875 |
დაბ. ადგილი | გორი, რუსეთის იმპერია[1] |
გარდ. თარიღი | 22 იანვარი, 1973(1973-01-22) (97 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
![]() ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა ![]() ![]() |
საქმიანობა | გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი |
განთქმული მოსწავლეები | თეოფანე დავითაია |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია |
ალექსანდრე ჯავახიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში ივანე ჯავახიშვილთან, იოსებ ყიფშიძესთან, პეტრე მელიქიშვილთან, ექვთიმე თაყაიშვილთან, გაბრიელ ღამბარაშვილთან ერთად — იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანია.[3][4][5]
ალექსანდრე ჯავახიშვილი საქართველოში გეოგრაფიული მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებელია.[4] იყო საქართველოში უმაღლესი გეოგრაფიული განათლების ორგანიზატორი. ფართო იყო მისი სამეცნიერო ინტერესები. მან კვლევა დაიწყო ქიმიაში, შემდგომ მუშაობდა ანთროპოლოგიაში. ალექსანდრე ჯავახიშვილის მეცნიერულ ინტერესებს აღძრავდა გეოგრაფიული მეცნიერების სხვადასხვა დარგი: გეომორფოლოგია, ჰიდროლოგია, კლიმატოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, ეკონომიკური გეოგრაფია, მოსახლეობისა და დასახლებული პუნქტების გეოგრაფია, კარტოგრაფია, გეოგრაფიის აზროვნების ისტორია და სხვა. რიგი ნაშრომი მიეძღვნა გეოგრაფიული მეცნიერების სტრუქტურასა და გეოგრაფიის თეორიის ზოგად საკითხს.[6]
ალექსანდრე ჯავახიშვილს გამოქვეყნებული აქვს 400-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო, რომლებზეც აღიზარდა გეოგრაფთა არაერთი თაობა. დიდია მისი დამსახურება საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიული რუკების შედგენაში. ალექსანდრე ჯავახიშვილი ქართული მეცნიერული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა. მისი გამოკვლევები ძირითადად ეხება ეთნიკურ ანთროპოლოგიას. მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ატლასის (1964) შედგენა-გამოცემაში, რისთვისაც მას სხვა მეცნიერებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971).[6]
ალექსანდრე ჯავახიშვილი ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: „საქართველოს გეოგრაფია, ტ. 1. — გეომორფოლოგია“ [ატლასით] (1926), „საქართველოს სსრ ფიზიკური გეოგრაფია“ (1983), ორტომიანი „საქართველოს ანთროპოლოგია“ (რუსულ ენაზე; 1908–14), „საქართველოს სსრ გეომორფოლოგიური რაიონები“ (რუსულ ენაზე; 1947), „გეოგრაფიული მეცნიერების სტრუქტურის შესახებ“ (რუსულ ენაზე; 1956) და სხვა.[3]
ალექსანდრე ჯავახიშვილი 1900–17 წლამდე მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ლაბორანტად, ასისტენტად, პრივატ-დოცენტად, კითხულობდა ლექციებს, ხოლო შემდეგ ხარკოვის უმაღლეს სასწავლებლებში. 1917 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილი საქართველოში დაბრუნდა. იგი პეტრე მელიქიშვილის შეთავაზებას დაუყოვნებლივ დათანხმდა და 1917 წელს თბილისში პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის გეოგრაფიის კათედრას ჩაუდგა სათავეში. მისი შვილი იყო ცნობილი ქართველი ანატომი და სახელმწიფო მოღვაწე, აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი.[7]
2015 წლის 22–23 ოქტომბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც მიეძღვნა ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლისთავს.[8]