ალბასეტეს მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ალბასეტეს პროვინცია შედის კასტილია-ლა-მანჩის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 87 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ალბასეტეს მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 7 კომარკაში: ლიანოს-დე-ალბასეტე, კამპოს-დე-ელიინი, ლა-მანჩა-დელ-ხუკარ-სენტრო, ლა-მანჩუელა, მონტე-იბერიკო-კორედორ-დე-ალმანსა, სიერა-დე-ალკარას-ი-კამპო-დე-მონტიელი, სიერა-დელ-სეგურა.
ალბასეტეს პროვინციის ფართობია 14 926 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 388 270 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ალბასეტე, რომელიც მოსახლეობისა და ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია (1125,91 კმ²), ხოლო ფართობით ყველაზე პატარაა — კოტილიასი (14,47 კმ²)[4].