აკეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
აკეთი — სოფლების ზემო აკეთისა და ქვემო აკეთის ძველი სახელწოდება. ამჟამად აკეთი არის თემი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავს სოფლებს ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი და გაგური. 2014 წლის მონაცემებით აკეთის თემში ცხოვრობს 1534 ადამიანი. ზემო და ქვემო აკეთში ფუნქციონირებს საჯარო სკოლები.
ისტორია

აკეთის სახელწოდება გადმოცემის მიხედვით სიტყვა „აკეთედან!“ მოდის. სოფელი ეკუთვნოდა ართმელაძეების სათავადოში. 1713 წელს გიორგი IV გურიელმა ჩამოართვა აკეთი მამუკა ართმელაძეს და ის ბიჭვინთის საეპისკოპოსოს შესწირა. 1772-76 წლებში მამია IV გურიელმა აკეთი უბოძა ქვემო გურიიდან დევნილ მამუკა თავდგირიძეს. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ სოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი. მასვე შესწირეს თეთროსნის ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლის ხატი. თავდგირიძეების ციხის ნანგრევები XIX საუკუნეში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო.
თავდგირიძეთა სათავადო მოიცავდა აკეთს, ჭანჭათს, ვანსა და ზომლეთს. ამავე სოფლებს მოიცავდა აკეთის სასოფლო საზოგადოება XX საუკუნის 30-იან წლებამდე. აკეთელი გლეხები იყვნენ მოთავეები 1841 წლის აჯანყებისა გურიაში. სოფელში ბლომად მოიპოვება თიხა, რის გამოც განვითარებული იყო კერამიკის წარმოება, კონკრეტულად მზადდებოდა კრამიტი და თიხის ჭურჭელი, ასევე ქვევრები.[1] 1876 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. 1893 წლის 22 აგვისტოს გაიხსნა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა.[2]
1902 წლისთვის აკეთის მოსახლეობა იყო 4100 ადამიანი. 1909 წელს აკეთში სამი სკოლა მოქმედებდა.[3]1906 წლის იანვარში გურიის რესპუბლიკის ჩახშობის შემდეგ კონსტანტინე კრილოვმა დაარბია აკეთი, გადაწვა 40 სახლი და ნალია.[4] 1906 წელს სასოფლო საზოგადოების მამასახლისი იყო პავლე თოხაძე.[5] 1911 წელს აკეთი გაიყო ზემო და ქვემო აკეთად.[6]
Remove ads
აკეთის ეკლესიები

1772-76 წლებში ქვემო გურიიდან დევნილმა თავდგირიძეებმა მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს აქ მანამდე არსებული მაცხოვრის ტაძარი, რომელიც ადრე ბიჭვინთის საპატრიარქოს ეკუთვნეოდა. მასვე შესწირეს თეთროსნის ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, ასევე - გვარასთავის წმინდა გიორგის ხატი. ამ ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ. 1784 წელს აკეთში ილაშქრა აჭარის ბეგმა აბდულ ხიმშიაშვილმა. ამ ლაშქრობის დროს დაზიანდა ეკლესიის კედლები და გუმბათი, თუმცა გადარჩა განძეულობა, რადგან ის დამალული იყო. აკეთის ეკლესია XIX საუკუნეში განაახლა გიორგი თავდგირიძემ. ეკლესია მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნეში რუს მღვდლებს კირით შეუთეთრებიათ. ეკლესია გაძარცვეს 1853, 1859 და 1873 წლებში. XX საუკუნის 50-იან წლებში გუმბათს საყრდენები გამოეცალა და ჩამოინგრა. ეკლესიის რეკონსტრუქცია მოხდა 2010-იან წლებში.
ზემო აკეთში 1899 წელს აშენებულ იქნა ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე. დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად დამუშავებული ქვებით. ამჟამად ჩამონგრეულია ჭერი და აბსიდც. შემორჩენილია მხოლოდ გარე კედლები შესასვლელებითა და სარკმელებით. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის თავზე შემორჩენილია ჩუქურთმა.
Remove ads
მოსახლეობა
ცნობილი ადამიანები
- გიგო ერქომაიშვილი (დ. 1840, აკეთი) — ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი
- ვლასა მგელაძე (დ. 1868, ზომლეთი) — რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ვალერიან შალიკაშვილი (დ. 1874, აკეთი) — მსახიობი, დრამატურგი
- გრიგოლ ცინცაბაძე (დ. 1879, ზომლეთი) — პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ნოე ზომლეთელი (დ. 1880, ზომლეთი) — რევოლუციონერი, პოეტი, პედაგოგი
- სოლომონ ვადაჭკორია (დ. 1880, ჭანჭათი) — პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ვლადიმერ გოგუაძე (დ. 1880, ჭანჭათი) — სამხედრო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი
- აპოლონ წულაძე (დ. 1884, ჭანჭათი) — მეფუტკრე, ეთნოგრაფი
- ვასილ წულაძე (დ. 1889, ჭანჭათი) — პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- სანდრო ეული (დ. 1890, ზომლეთი) — პოეტი
- ილარიონ მგელაძე (დ. 1890, აკეთი) — საბჭოთა მოღვაწე, რევოლუციონერი, ლიტერატორი, კრიტიკოსი, რეპრესირებული
- დიმიტრი მგელაძე (დ. 1891, აკეთი) — ენათმეცნიერი
- ნიკოლოზ თოხაძე (დ. 1901, აკეთი - 1975, პარიზი) ქართველი იუნკერი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი.
- მგელაძე, აკაკი (დ. 1912, ზომლეთი) — მსახიობი
- არსენ წითლიძე (მუშაობდა აკეთში 1893-1897 წწ) — პედაგოგი, გურიის სახალხო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დამაარსებელი.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 248.
- მურვანიძე-ვადაჭკორია ლ., „მასალები აკეთის თემის კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების ისტორიის შესახებ“ — თბილისი, 2008
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads