ავტობუსი
ავტოსატრანსპორტო საშუალება / From Wikipedia, the free encyclopedia
ავტობუსი (ფრანგ. [auto]mobile — „მანქანა“ და ლათ. omni[bus] — „ყველასთვის“) — დიდი ოდენობის მგზავრთა გადასაყვანი ურელსო სატრანსპორტო საშუალება. მსოფლიოში, ჩვეულებრივ, გავრცელებულია ერთსართულიანი შეუსახსრებელი ავტობუსები, თუმცა ტევადობის გასაზრდელად ხშირად იყენებენ ორსართულიან ან შესახსრებულ სახეობებსაც. ყველაზე დიდი მოცულობის, ორმაგად შესახსრებული ავტობუსი, იტევს სამასამდე მგზავრს. მომცრო ზომის, ექვს მეტრამდე სიგრძისა და 35 კაცამდე ტევადობის სატრანსპორტო საშუალებები კი განეკუთვნება მიკროავტობუსის კატეგორიას.[1]
ავტობუსებს იყენებენ მრავალი დანიშნულებით, პირველ რიგში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით. აგრეთვე საქალაქთაშორისო გადაყვანებისთვის, ზოგჯერ ქვეყნებს შორისაც. მისით სარგებლობენ ტურისტული კომპანიები, სპორტული კლუბები, სკოლები, აეროპორტები და აგრეთვე კერძო დაწესებულებები ან პირები.
ავტობუსების მოძრაობისთვის თავდაპირველად ცხენის ძალას იყენებდნენ, რომელიც 1830-იანი წლებიდან ჩანაცვლდა ორთქლის ძრავათი. 1882 წლიდან კი დაიწყეს ელექტროენერგიის გამოყენებაც, რის შედეგადაც წარმოიშვა კიდევ ერთი სახესხვაობის ტრანსპორტი — ტროლეიბუსი. ხოლო 1895 წლიდან დაიწყო შიდაწვის ძრავას აქტიური გამოყენება.[2] დღესდღეობით კი გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით თანდათან ვითარდება ელექტრობუსები ჰიბრიდული ძრავათი, წყალბადის ძრავათი, აგრეთვე შეკუმშულ ბუნებრივ აირსა და ბიოდიზელზე მომუშავე ავტობუსები.