სომხეთის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის ისტორია — სომხეთის ისტორია იწყება ისტორიამდელ ეპოქაში, რომლის განმავლობაში ფორმირება განიცადა სომეხმა ხალხმა და ჩამოყალიბდა როგორც ერი.
სომხეთის მთიანეთი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი შრომის იარაღი მოწმობს, რომ ადამიანი აქ ჯერ კიდევ მეოთხეული პერიოდის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. ნეოლითის ხანაში სომხეთის მთიანეთის მოსახლეობამ მიწის დამუშავება დაიწყო. ენეოლითისა და ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში მიწათმოქმედებასთან ერთად განვითარდა მეცხოველეობა. სომხეთის ტერიტორიაზე ლითონს ჯერ კიდევ ძვ. წ. V-IV ათასწლეულებში ამუშავებდნენ (სოფელი თეღუტი ეჩმიაძინთან). სამთო მეტალურგიის მსხვილი ცენტრი იყო მეწამორი. გათხრების დროს აქ გამოვლინდა 200-ზე მეტი სადნობი.
ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში გვიანდელმა ბრინჯაოს კულტურამ აყვავებას მიაღწია (ლჭაშენი). გაჩნდა ტომობრივი კავშირები. ძვ. წ. I ათასწლეულის მიჯნაზე რკინის ათვისებასთან ერთად სომხეთის მთიანეთში მცხოვრებ ტომებში გაძლიერდა პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის პროცესი, ჩაისახა კლასობრივი საზოგადოება. ასურელთაგან მოსალოდნელმა საშიშროებამ ხელი შეუწყო აქ მოსახლე ტომების გაერთიანებას (ნაირი, ურუატრი და სხვა), რომლის საფუძველზე ძვ. წ. IX საუკუნეში ჩამოყალიბდა ურარტუს სახელმწიფო.
ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში აბორიგენი ტომების ახალი კავშირები ჩამოყალიბდა. ესენი იყვნენ ვანის ტბის აუზში მცხოვრები ურარტელები, ჰაიას ტომობრივი კავშირი (საიდანაც, სპეციალისტთა აზრით მომდინარეობს სომეხი ხალხის თვითდასახელება — ჰაი) და სხვა. სომეხი ხალხის ჩამოყალიბების ბოლო ეტაპი დაემთხვა ძვ. წ. VI საუკუნეში სომხეთის სახელმწიფოს შექმნას, რომელმაც ურარტუს ადგილი დაიკავა. ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომებიც, თავის მხრივ მონაწილეობდნენ სომეხი ხალხის ჩამოყალიბებაში. მაგრამ უკვე ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულს სომხეთის სახელმწიფო აქამედინთა სპარსეთის შემადგენლობაში შევიდა.
ძვ. წ. 331 წელს, ალექსანდრე მაკედონელის მიერ აქამენიდთა იმპერიის განადგურების შემდეგ, სომხეთის სამეფო აღდგა და სომხეთის მთიანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი გააერთიანა. მაგრამ ძვ. წ. III საუკუნის პირველ ნახევარში მას ჩამოსცილდა სამხრეთ-დასავლეთი ოლქები — კომაგენე და სოფენა. ამავე საუკუნის ბოლოს სომხეთის სახელმწიფო, დიდი სომხეთის სახელით, სელევკიდების სამფლობელოში მოექცა. მას სელევკიდების მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველი არტაშეს I მართავდა. ძვ. წ. 191 არტაშესმა ისარგებლა სელევკიდების რომაელებთან ბრძოლაში დამარცხებით და ძვ. წ. 189 წელს დიდი სომხეთი და სოფენა დამოუკიდებელ სამეფოებად გამოაცხადა. მან სათავე დაუდო არტაშესიანთა დინასტიას, რომლებსაც სამეფო ტახტი ძვ. წ. I საუკუნემდე ეპყრათ. დიდი სომხეთი განსაკუთრებით გაძლიერდა არტაშესის შვილიშვილის — ტიგრან II დიდის დროს. ტიგრანმა დაასრულა ძირითადი სომხური მიწების გაერთიანება და თავის სამეფოს სოფენაც შეუერთა. ამის გარდა დიდ სომხეთს შეუერთდა კომაგენე, ატროპატენა, სელევკიდების სირია, მესოპოტამია და სხვა. სამფლობელოების გაფართოების გამო დედაქალაქი არტაშატი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოექცა. აუცილებელი გახდა ახალი დედაქალაქის აშენება. მდინარე ტიგროსის ნაპირზე ტიგრან II-მ ააგო ქალაქი ტიგრანაკერტი. მნიშვნელოვნად განვითარდა სხვა ქალაქებიც — არმავირი, არშამაშტი, ერევანდაშტი და სხვა.
ძვ. წ. 69 წელს დაიწყო ომი რომის იმპერიასა და სომხეთს შორის. სომხეთის მოკავშირე იყო პონტოს სამეფოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი, რომელიც ტიგრანის ნათესავიც იყო. ამ ომში სომხეთი დამარცხდა და დაკარგა მიერთებული მიწები. შეინარჩუნა მხოლოდ ეთნიკური საზღვრები. ძვ. წ. 66 წელს სომხეთმა ხელშეკრულებით ცნო რომის ბატონობა, თუმცა ტიგრანმა შეინარჩუნა ხელისუფლება.
ძვ. წ. I საუკუნიდან სომხეთი რომისა და სპარსეთის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ახ. წ. 62 წლიდან სომხეთში არშაკუნიანების დინასტია დამკვიდრდა. III საუკუნის მეორე ნახევრიდან სომხეთი სასანიანთა ირანის გავლენის სფეროში მოექცა.