აფრიკის ქვეყნების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ფართობით აფრიკა მეორე კონტინენტია მსოფლიოში. კონტინენტს აღმოსავლეთიდან ინდოეთის ხოლო დასავლეთიდან ატლანტის ოკეანეები საზღვრავს. ევროპისაგან მას ჰყოფს 14 კილომეტრის სიგრძის გიბრალტარის სრუტე და ხმელთაშუა ზღვა, აზიასა და აფრიკას შორის კი საზღვარი გადის სუეცის არხზე, წითელ ზღვასა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე. აფრიკის ფართობია 30 221 532 კმ², კონტინენტის 3 უდიდესი ქვეყანაა: სუდანი — 2,5 მლნ. კვ. კმ, ალჟირი — 2,3 მლნ. კვ. კმ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (კდრ) — 2,3 მლნ. კვ. კმ. აფრიკა მოსახლეობის რაოდენობით (1 000 010 000 ადამიანი) ჩამორჩება მხოლოდ აზიას. სხვა კონტინენტებთან შედარებით სიმჭიდროვე დაბალია — 26 კაცი 1 კვ კმ-ზე.
აფრიკის თანამედროვე პოლიტიკური რუკა ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. მხოლოდ ეთიოპია და ლიბერია არ ყოფილა კოლონიური ქვეყანა. აფრიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი იყო 1960 წელი, როდესაც პოლიტიკური დამოუკიდებლობა მიიღო 17 სახელმწიფომ (ამ წელს აფრიკის წელსაც უწოდებენ). XX საუკუნის 70-იან წლებში მოწესრიგდა ე. წ "სამხრეთ როდეზიის" პრობლემა, ხოლო 1994 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოეწყო პირველი არარასობრივი არჩევნები. დღეისათვის კონტინენტზე 54 დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დასავლეთ საჰარის საკითხი, ეს ტერიტორია 1976 წლამდე იმყოფებოდა ესპანეთის მმართველობის ქვეშ. დღეს აღნიშნული ტერიტორია ოკუპირებულია მაროკოს მიერ.