რიჩარდ დოკინზი
ინგლისელი ეთოლოგი, ევოლუციური ბიოლოგი და მწერალი / From Wikipedia, the free encyclopedia
კლინტონ რიჩარდ დოკინზი (ინგლ. Clinton Richard Dawkins, დ. 26 მარტი, 1941)[25] — ბრიტანელი ევოლუციური ბიოლოგი, ეთოლოგი და მწერალი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი კოლეჯის საპატიო წევრი და იმავე უნივერსიტეტის მეცნიერების საზოგადო გააზრების პროფესორი (Professor for Public Understanding of Science) 1995-2008 წლებში. 1976 წელს გამოცემული წიგნით „ეგოისტი გენი“ (The Selfish Gene) მოახდინა ევოლუციის გენზე ორიენტირებული ხედვის პოპულარიზაცია. მიღებული აქვს არაერთი აკადემიური და ლიტერატურული ჯილდო.[26]
წიგნში „ეგოისტი გენი“ დოკინზი ამტკიცებს, რომ ცოცხალ არსებათა ევოლუცია მიდინარეობს რეპლიკაციის უნარის მქონე ერთეულების დიფერენციალური გადარჩენის სახით. წიგნით „განვრცობილი ფენოტიპი“ (The Extended Phenotype, 1982) ევოლუციურ ბიოლოგიაში შემოიტანა მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც გენის ფენოტიპური ეფექტები არ მთავრდება ორგანიზმით (სხეულით), არამედ განივრცობა გარემოშიც, რისი მაგალითიცაა თახვის მიერ აგებული ჯებირები. ამ ორ წიგნში, ასევე, შემოიტანილია ტერმინი „მიმი“ (meme).
დოკინზი ათეისტია. იგი ცნობილია რელიგიის, კრეაციონიზმის და გონიერი შემოქმედის კონცეფციის მძაფრი საჯარო კრიტიკით.[27] 1986 წელს დაწერა „ბრმა მესაათე“ (The Blind Watchmaker), სადაც ილაშქრებს მესაათის ანალოგიის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად გამოიყენება ზებუნებრივი შემოქმედის არსებობის დასამტკიცებლად ბიოლოგიური ორგანიზმების კომპლექსურობიდან გამომდინარე. საწინააღმდეგოდ ამისა, იგი ევოლუციურ პროცესებს აღწერს, როგორც „ბრმა“ მესაათის მოქმედებას, რადგან რეპროდუქცია, მუტაცია და ბუნებრივი გადარჩევა გონივრული ხელმძღვანელობის გარეშე მიმდინარეობს. 2006 წელს დოკინზმა გამოსცა წიგნი „ღმერთი, როგორც დელუზია“ (The God Delusion), სადაც ამტკიცებს, რომ ზებუნებრივი შემოქმედი თითქმის უეჭველად არ არსებობს, ხოლო რელიგიური რწმენა დელუზიაა. იმავე წელს დააფუძნა რიჩარდ დოკინზის ფონდი კეთილგონიერებისა და მეცნიერებისათვის (Richard Dawkins Foundation for Reason and Science).[28][29]