პონტიფექს მაქსიმუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
პონტიფექს მაქსიმუსი (ლათ. Pontifex Maximus; სიტყვასიტყვით: „უდიადესი პონტიფი“ ან „ხიდების უდიადესი მშენებელი“) — ფონტიფიკების კოლეგიის (Collegium Pontificum) უმაღლესი ქურუმი ძველ რომში. წარმოადგენდა ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობას ძველრომაულ რელიგიაში, რომლის დაკავების უფლებაც ძვ. წ. 254 წლამდე მხოლოდ პატრიციებს ჰქონდათ. თუმცაღა მკაფიოდ გამოკვეთილი რელიგიური თანამდებობა იყო, პონტიფექს მაქსიმუსობა ადრეული იმპერიის პერიოდში თანდათანობით პოლიტიზებული გახდა, რამდენადაც ავგუსტუსიდან მოყოლებული მას იმპერატორები იკავებდნენ. უკანასკნელი იმპერატორი, რომელიც მას ფლობდა იყო გრაციანე[1] (ზეობდა 375-383 წლებში), თუმცა მან მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ სიტყვები „პონტიფექს მაქსიმუსი“ თავისი ტიტულისათვის მოეშორებინა.[2][3] მიუხედავად იმისა, რომ რომაულ სამღვდელოებაში ყველაზე გავლენიანი თანამდებობა იყო, რომის უმაღლეს ქურუმებს (ordo sacerdotum) შორის მას მხოლოდ მეხუთე ადგილი ეკავა „რექს საკრორუმისა“ და სამი მთავარი ფლამენის შემდეგ.[4]
სიტყვა „პონტიფექსს“, მოგვიანებით, ქრისტიან ეპისკოპოსებთან დაკავშირებით იყენებდნენ,[5] რომის ეპისკოპოსის ჩათვლით.[6] ტიტული „პონტიფექს მაქსიმუსი“ რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მიანიჭა პაპს, როგორც მთავარ ეპისკოპოსს. იგი არ შედის პაპის ოფიციალურ ტიტულატურაში,[7] თუმცა გვხვდება რენესანსისა და თანამედროვე პერიოდის პაპების შენობებზე, მონუმენტებსა და მონეტებზე.