ოლდოს ჰაქსლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი (ინგლ. Aldous Leonard Huxley; დ. 26 ივლისი, 1894, გოდელმინგი, სარის საგრაფო — გ. 22 ნოემბერი, 1963, ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი) — ინგლისელი მწერალი და ფილოსოფოსი.[31][32][33][34] მის კალამს ორმოცდაათამდე წიგნი ეკუთვნის,[35][36] რომლებიც, როგორც რომანებს, ასევე არამხატვრულ ტექსტებს მოიცავს.
ჰაქსლიმ განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც ინგლისურ ლიტერატურაში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. კარიერის დასაწყისში აქვეყნებდა მოთხრობებსა და ლექსებს და რედაქტორობდა ლიტერატურულ ჟურნალს Oxford Poetry, მომდევნო პერიოდში კი სამოგზაურო ქრონიკების და სცენარების წერა დაიწყო. 1937 წლიდან ჰაქსლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.[37] სიცოცხლის მიწურულს, იგი ფართოდ იყო ცნობილი, როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი მოწინავე ინტელექტუალი.[38] მწერალი ცხრაჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში.[39]
ჰაქსლი პაციფისტი იყო.[40] იგი დაინტერესებული იყო ფილოსოფიური მისტიციზმითა[40][41][42] და უნივერსალიზმით,[40][43] ეს თემები გვხვდება მის ნაშრომში „მარადიული ფილოსოფია“ (1945), რომელშიც დასავლურ და აღმოსავლურ მისტიციზმს შორის მსგავსებებს იკვლევს და ესეში „აღქმის კარები“ (1954), რომელიც საკუთარ ექსპერიმენულ ფსიქოდელიურ გამოცდილებას მიუძღვნა.
ჰაქსლის ყველაზე ცნობილი რომანია „საოცარი ახალი სამყარო“ (1932), დისტოპიური ჟანრის სამეცნიერო ფანტასტიკა. მისი ერთგვარი ანტითეზაა მწერლის უკანასკნელი რომანი „კუნძული“ (1962), რომელშიც იგი უტოპიურ სამყაროს აღწერს.