ნერვული სისტემა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნერვული სისტემა (ლათ. nervus — ნერვი) — ბიოლოგიური სისტემა, რომელიც ცენტრალური (თავისა და ზურგის ტვინი) და პერიფერიული ანუ ვეგეტატიური ნაწილებისგან შედგება. ცენტრალურ ნაწილს მიეკუთვნება თავისა და ზურგის ტვინი; პერიფერიულს – ნერვული კვანძები, მათგან გამომავალი ნერვები და ნერვული წნულები. ვეგეტატიური ნერვული სისტემა წარმოდგენილია სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნაწილებით. მათი მოქმედება ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგალითად სიმპატიკური ნერვული სისტემა აძლიერებს და ახშირებს გულის რიტმულ მუშაობას, პარასიმპატიკური კი თრგუნავს მას. თავის ტვინი წარმოდგენილია მოგრძო ტვინით, ხიდით, ნათხემით, შუა ტვინით, შუამდებარე ტვინით და დიდი ნახევარსფეროებით. თავის ტვინში რუხი ნივთიერება ცალკეული გროვების სახით გვხვდება თეთრი ნივთიერების შიგნით. რუხი ნივთიერება ტვინსა და ნათხემს გარს ეკვრის და ქმნის თავის ტვინის ქერქს ,მთელი ნერვული სისტემა წარმოდგენილია ნერვული ქსოვილით. იგი ემსახურება ორგანიზმის გარემოსთან შეგუებასა და შინაგანი ერთიანობის შენარჩუნებას. ნერვული სისტემა აგებულებით ურთულესია და მრავალმხრივ ფუნქციებს ასრულებს: გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აკავშირებს ორგანიზმს გარემოსთან, არეგულირებს თითოეული ორგანოს ფუნქციებს, ათანხმებს სხვადასხვა ორგანოების მუშაობას ერთმანეთთან, განაპირობებს აზროვნებას, მეტყველებას, დამახსოვრებას, ემოციებს და სხვა ფიზიკურ პროცესებს.