ლუი XIV
საფრანგეთის მეფე / From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი XIV დე ბურბონი (ფრანგ. Louis XIV de Bourbon; დ. 5 სექტემბერი, 1638, პარიზი, საფრანგეთი — გ. 1 სექტემბერი, 1715, ვერსალი, საფრანგეთი), აგრეთვე ცნობილი როგორც ლუი დიდი, ან მეფე მზე — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანა ავსტრიელის უფროსი ვაჟი. იყო საფრანგეთის მეფე 1643 წლიდან 1715 წლამდე, ანუ მანამ სანამ არ გარდაიცვალა. მისი მეფობა მამის გარდაცვალებით, 1643 წლის 14 მაისს დაიწყო ოთხი წლის ასაკში და 1715 წლის 1 სექტემბერს დასრულდა. იგი ქვეყანას 72 წლისა და 110 დღის მანძილზე მართავდა, რაც საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი მმართველობაა. ზრუნავდა ქვეყნის ცენტრალიზაციაზე, რასაც შემდგომში აბსოლუტიზმის დამყარება მოჰყვა. ლუი მსოფლიო ისტორიაში აბსოლუტიზმის სიმბოლოდაა ცნობილი.
ლუი XIV | |
---|---|
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 7 ივნისი, 1654 |
მმართ. დასაწყისი: | 14 მაისი, 1643 |
მმართ. დასასრული: | 1 სექტემბერი, 1715 |
წინამორბედი: | ლუი XIII |
მემკვიდრე: | ლუი XV |
რეგენტი: |
ანა ავსტრიელი (1643-1651) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 5 სექტემბერი, 1638 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 1 სექტემბერი, 1715, (76 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
მარია ტერეზა ესპანელი (ქ. 1660 - გარდ. 1683) ფრანსუაზ დ’ობინე (ქ. 1683) |
შვილები: |
ლეგიტიმური: ლუი, საფრანგეთის დოფინი არალეგიტიმური: მარი ანა, კონტის პრინცესა ლუი, ვერმანდუას გრაფი ლუი ავგუსტი, მაინის ჰერცოგი ლუიზ ფრანსუაზი, ბურბონის ჰერცოგინია ფრანსუაზ მარი, ორლეანის ჰერცოგინია ლუი ალექსანდრი, ტულუზის გრაფი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი XIII, საფრანგეთის მეფე |
დედა: | ანა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
1661 წელს გარდაიცვალა კარდინალი მაზარინი. 22 წლის ლუი XIV-ის შესახებ საფრანგეთში ძალზე ცოტა რამ იცოდნენ, რადგან კარდინალი მაზარინის დროს ის არ ჩანდა. ფრანგები უკვე მიჩვეულნი იყვნენ იმ აზრს, რომ მათ სამშობლოს მეფე კი არა, პრემიერ-მინისტრი მართავდა. ამდენად ყველას აინტერესებდა თუ ვის დანიშნავდა ლუი XIV პრემიერ-მინისტრად. ყველასათვის მოულოდნელად მეფემ განაცხადა „მე არ მჭირდება პრემიერ-მინისტრი, მე თვითონ ვიქნები საკუთარი თავის პრემიერ-მინისტრი.“ ლუი XIV-ს არ უყვარდა პარიზი. ის მას აგონებდა 1648-1649 წლების აჯანყებას. ამიტომ პარიზიდან 17 კილომეტრის მოშორებით ააგო სასახლეების და ბაღების ქალაქი ვერსალი, საიდანაც მართავდა ქვეყანას. მან დაიმორჩილა მეამბოხე ფეოდალები, რითაც საფრანგეთი მეტად ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ აქცია. მისმა დამყარებულმა აბსოლუტურმა რეჟიმმა საფრანგეთის რევოლუციამდე გასტანა.
ლუიმ თავისი დროის ყველა მნიშვნელოვანი ფრანგი პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული ფიგურა შემოიკრიბა თავის გარშემო. მისი მმართველობის დროს გაუქმდა 1598 წელს შემოღებული ნანტის ედიქტი, რის მიხედვითაც ჰუგენოტების დევნა წყდებოდა, თუმცა ლუიმ ამის გაუქმებით მათი დევნა კვლავ განაახლა და საბოლოოდ აღმოფხვრა საფრანგეთში პროტესტანტული მოძრაობა.
ლუის მმართველობის პერიოდში საფრანგეთი ევროპის წამყვანი და უძლიერესი სახელმწიფო გახდა. მისი მეფობისას მიმდინარეობდა სამი ძირითადი ომი: ფრანკო-ჰოლანდიური ომი, აუსბურგის ლიგის ომი და ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის. ასევე მისი მეფობისას მიმდინარეობდა ორი ნაკლებად ცნობილი კონფლიქტი, როგორებიცაა დევოლუციური ომი და ომი რეუნიუნისთვის. მისმა საგარეო პოლტიკამ თითქმის მთლიანად განსაზღვრა მისი პიროვნება და პირადი ცხოვრება. მან უდიდესი მიწები წაართვა ესპანელებსა და გერმანელებს, რომლის შესაჩერებლადაც 1660 წელს ცოლად შეირთო მარია ტერეზა ესპანელი. ამ პერიოდში საფრანგეთი საგრძნობლად გაფართოვდა და ფაქტობრივად თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიებზე გადაიჭიმა. ფრანგულმა ენამ საერთაშორისო ენის მდგომარეობა მოიპოვა, რაც ნათელყოფდა საფრანგეთის ადგილს საერთაშორისო ურთიერთობებში. გარეშე მტრებთან ბრძოლებში მისი ყველაზე დიდი წარმატება ესპანური მემკვიდრეობისათვის ომში გამარჯვება და ესპანეთის ტახტზე მისი შვილიშვილის, ფილიპე V-ის აყვანა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1715 წელს ტახტზე მისი შვილთაშვილი ლუი XV ავიდა.