ლედ ზეპელინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლედ ზეპელინი (ინგლ. Led Zeppelin) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ გიტარისტი ჯიმი პეიჯი, ვოკალისტი რობერტ პლანტი, ბასისტი/კლავიშისტი ჯონ პოლ ჯოუნსი და დრამერი ჯონ ბონემი. ჯგუფის მძიმე, გიტარაზე დაფუძნებული ჟღერადობამ, ადრეულ ალბომებზე ბლუზისა და ფსიქოდელიის სახით, ლედ ზეპელინს მძიმე მეტალის წინაპრების სახელი შესძინა, თუმცა მათი უნიკალური სტილი სხვა ჟანრებით იყო შთაგონებული, მათ შორის ხალხური მუსიკით.
ლედ ზეპელინი | |
---|---|
საათის ისრის მიხედვით, ზევიდან მარცხნივ: პეიჯი, ბონემი, პლანტი, ჯოუნსი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე როკი, ბლუზ-როკი, ფოლკ-როკი, მძიმე მეტალი |
აქტიური |
1968–80 (გაერთიანებები: 1985, 1988, 1995, 2007) |
ლეიბლ(ებ)ი | Atlantic, Swan Song |
ყოფილი წევრები | |
საიტი | ledzeppelin.com |
ლედ ზეპელინი ვიკისაწყობში |
თავდაპირველად ჯგუფს The New Yardbirds ერქვა, მაგრამ მან სახელი შეიცვალა და Atlantic Records-თან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებდა მათ შემოქმედებით თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ლედ ზეპელინი კრიტიკოსებს არ მოსწონდათ, მოგვიანებით მათ მოიპოვეს კომერციული წარმატება ალბომებით Led Zeppelin (1969), Led Zeppelin II (1969), Led Zeppelin III (1970), მეოთხე უსათაურო ალბომით (1971), Houses of the Holy-ით (1973) და Physical Graffiti-ით (1975). მეოთხე ალბომი, რომელშიც შეტანილია "Stairway to Heaven", როკ-მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ნაშრომია, რომელმაც ლედ ზეპელინის პოპულარობა უზრუნველყო.
პეიჯი არის ლედ ზეპელინის მუსიკის ძირითადი ავტორი, განსაკუთრებით ადრეულ წლებში, ხოლო პლანტი - ტექსტების. ჯოუნსის კლავიშებიანებზე აგებული კომპოზიციები მოგვიანებით ჯგუფის მუსიკალური კატალოგის ძირითად ბირთვად იქცა, თავისი ექსპერიმენტული ხასიათით. კარიერის გვიანდელი პერიოდი გამოირჩევა რეკორდული გაყიდვების მქონე ტურნეებით, რომლებმაც ლედ ზეპელინს აგრეთვე უზნეო იმიჯი შესძინეს. მიუხედავად იმისა, რომ კომერციულად და კრიტიკულად ჯგუფი წარმატებას ინარჩუნებდა, 1970-იანების ბოლოს ნაკლებად ნაყოფიერი იყო. 1980 წელს ბონემის გარდაცვალების შემდეგ იგი დაიშალა. დარჩენილი წევრები დროდადრო იკრიბებოდნენ და მონაწილეობდნენ ლედ ზეპელინის დროებით გაერთიანებებში, რომელთა შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა აჰმეტ ერტეგუნისადმი მიძღვნილი კონცერტი (2007), ჩატარებული დრამერ ჯეისონ ბონემის, ჯონის შვილის მონაწილეობით.
ლედ ზეპელინი ითვლება როკ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ნოვატორულ და გავლენიან ჯგუფად. იგი აგრეთვე მუსიკალური ჩანაწერების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელია. სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ ჯგუფს მსოფლიოში გაყიდული აქვს 200-დან 300 მილიონ ალბომამდე. RIAA-ს მიერ აღრიცხული 111.5 მილიონი ჩანაწერით, აშშ-ში ლედ ზეპელინი გაყიდვების მხრივ სიაში რიგით მეორე შემსრულებელია.[1] ყოველი მათი ცხრა სტუდიური ალბომიდან Billboard-ის საუკეთესო 10-ეულში მოხვდა და მის პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა.[2] Rolling Stone-მა მათ ყველა დროის "უმძიმესი",[3] "70-იანების უდიდესი",[4] და "უდავოდ, როკ-მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ჯგუფი" უწოდა.[5] 1995 წელს ლედ ზეპელინი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. მუზეუმში წარმოდგენილი ჯგუფის ბიოგრაფიის მიხედვით, იგი 1970-იანებში ისეთივე გავლენიანი იყო, როგორც The Beatles - 1960-იანებში.[6]